სტალინის გამოსახულება ხატზე

თავისუფლების ინსტიტუტი: სტალინისტური აღლუმი საქართველოში ვერ გაივლის

თავისუფლების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცია გმობს "მთავრობისა და საპატრიარქოს მიერ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სიძულვილის კამპანიას".

განცხადებაში წერია, რომ მინდიაშვილის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების აღმართვა გააკრიტიკა.

"თავისუფლების ინსტიტუტი მკაცრად გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მიერ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ სიძულვილის კამპანიას.

მინდიაშვილის უტიფარი დევნა, მანამდე კი "სოვლაბზე" თავდასხმა, დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ სამართლიანად გაკიცხეს დედაქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების აღმართვა.

საქართველოს ყველა თავისუფლებისმოყვარე მოქალაქისათვის კატეგორიულად მიუღებელია მეოცე საუკუნის უდიდესი ბოროტმოქმედის, ჩვენი დამოუკიდებლობის მესაფლავისა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ჯალათის რეაბილიტაციის უსირცხვილო მცდელობა.

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხთან და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად სტალინისტური პროვოკაცია დაეგმოთ, სახელმწიფოსა და ეკლესიის სათავეში მოკალათებული ვაი-ქართველი კვისლინგები კუდიანებზე ნადირობის ახალი ტალღით ცდილობენ დააშინონ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ეროვნული ღირსება, ისტორია და მომავალი.

სტალინისტური აღლუმი საქართველოში ვერ გაივლის". - წერია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, მინდიაშვილი ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა. 

კომენტარები