სტალინის გამოსახულება ხატზე

პაპუაშვილი მინდიაშვილზე: სამწუხაროა, USAID რელიგიური ისტერიის გამღვივებელ ცენტრს აფინანსებს

ბექა მინდიაშვილი/შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, მინდიაშვილი ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა. 

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მართმადიდებელი მრევლი შევიწროების ობიექტად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა (SOVLAB) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, მიერ იქცა. 

"პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. პირველად, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი გახდა შევიწროების ობიექტი შობის აღნიშვნის გამო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ შეტევაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, SOVLAB-ის წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, რომელიც შეთავსებით საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული პარტია ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრიც არის". - ამბობს პარლამენტის თამჯდომარე.

პაპუაშვილი მინდიაშვილს "რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელად" მოიხსენიებს და მას და მის მიერ მართულ ტოლერანტობის ცენტრს რელიგიურ შეუწყნარებლობაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ცენტრი თავის მოვალეობებს არ ასრულებს. 

"კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება "ჯაშუშად", ეკლესიის - "დეგრადირებულად" და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის "ანტიდასავლური სიბრიყვის" წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. ტოლერანტობის ცენტრი წესით უნდა ებრძოდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე სახალხო დამცველს, საკითხში გარკვევის თხოვნით. საზოგადოებამ მოისმინა მისი საჯარო განმარტება. როგორც აღმოჩნდა ე.წ. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სულაც არ ყოფილა სახალხო დამცველთან არსებული რაიმე ცენტრი, არც სტრუქტურული ერთეული..." - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილისვე თქმით, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი დაფინანსებას USAID-ის პროგრამის ფარგლებში იღებს. ამის შესახებ მან უკმაყოფილება გამოთქვა.

"რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას. როგორც ირკვევა ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს"

გუშინ, 19 იანვარს, მინდიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პაპუაშვილი თავისი განცხადებით უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის პრინციპებს და ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური მანიპულირების სურვილს გამოხატავს. 

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა მინდიაშვილს "ქართული ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანი" უწოდა და ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. განხილვის თავდაპირველი საგანი სამების ტაძრის სტალინის გამოსახულებიანი, მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო მიმდინარე მოვლენები იყო.

კომენტარები