თბილისის მერია

წერეთელზე ძირითადი ნაწილი იანვრის ბოლოს, სრულად კი მარტში დასრულდება – მერის მოადგილე

David Nutsubidze/Fb.com

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, წერეთლის გამზირზე ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება, სრულად ქუჩის განახლება კი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდება. 

"იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ამის შემდეგ, დარჩენილი იქნება ტროტუარის გარკვეულ მონაკვეთებში სამუშაოები. ასევე, შეიძლება, დარჩენილი იყოს ავტობუსის რამდენიმე მოსაცდელისა და კონკრეტული გარე განათების ბოძის დამონტაჟება. მცირე სახის სამუშაოები იქნება. წერეთლის გამზირის ძირითადი ნაწილი იანვრის ბოლოს დამთავრდება [...]

რაც არ დასრულდება, ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებით, დაახლოებით, თვენახევარი. ეს კლიმატურ პირობებზეცაა დამოკიდებული. მარტის შუა რიცხვებში ქუჩის რეაბილიტაციას სრულად დავამთავრებთ". - თქვა კალაძის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ასევე, ბენდელიანმა თქვა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად თბილისის მერიამ 4 ახალ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ისინი სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ.

"4 ახალი კომპანია შემოვიყვანეთ. ეს კომპანიებია: ენკო, პარმა, ჯეი გრუპი და ბლექ სი გრუპი. ისინი სარეაბილიტაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ". - თქვა ბენდელიანმა.

თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს შეუწყვიტა.

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არწარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

მერია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს შპს მილენიუმ ბილდერს გრუპსაც. უწყების ცნობით, ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამუშაოების არ წარმოებასა (8-ჯერ) და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას.

"შპს მილენიუმ ბილდერ გრუპის მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერია მერიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში. 

მერიამ ორივე კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაუწესა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები