მოპარული ნახატები

ბელგიაში 900 000 დოლარად შეფასებული პიკასოს და შაგალის მოპარული ნახატები იპოვეს

ბელგიის პოლიციამ ქალაქ ანტვერპენში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ცნობილი მხატვრების, პაბლო პიკასოს და მარკ შაგალის ნახატები იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ნამუშევრები დაზიანებული არ არის.

პიკასოს "ტეტე" და შაგალის "მამაკაცი ლოცულობს" ისრაელში, თელ-ავივში 2010 წელს ერთ-ერთ კოლექციონერს მოპარეს.

ნამუშევრების ღირებულება 900 000 აშშ დოლარს შეადგენს. კოლექციონერის სახლიდან ქურდებმა ნახატებთან ერთად 680 000 აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობაც წაიღეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამ ეტაპზე მხოლოდ ნახატები იპოვეს.

ადგილობრივ პოლიციას ბელგიის მოქალაქის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნახატების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. ამის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ბელგიის პროკურატურის ცნობით მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

კომენტარები