თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო შესყიდვების სააგენტოს უჩივლა

სალომე ხვადაგიანი

თავისუფლების ინსტიტუტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივლა. ორგანიზაციის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 იანვარს შეიტანა და სასამართლოს წინ ბრიფინგი გამართა.

ხვადაგიანის თქმით, თავისუფლების ინსტიტუტი იკვლევს რუსული კომპანიების წილს ქართულ ბაზარზე, ამისთვის კი შესყიდვების სააგენტოსგან ყოველწლიურად დარეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობის შესახებ მოითხოვეს ინფორმაცია, რომელიც საჯაროა, მაგრამ შესყიდვების სააგენტომ, მოთხოვნის მიუხედავად, ორგანიზაციას კომპანიების სია არ მიაწოდა. 

"რადგან ჩვენ მოთხოვნასაც შედეგი არ ჰქონდა, გადავწყვიტეთ სასამართლო წესით დაგვევალდებულებინა შესყიდვების სააგენტო, რომ ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ. შეგვაქვს სარჩელი და ველოდებით შედეგს. ვფიქრობ, რომ ინფორმაციაზე წვდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ფუნქციონირების, ასევე მგონია, რომ ამ კუთხით, სასამართლომ ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოს და დაავალდებულოს შესყიდვების სააგენტო, რომ მოგვცეს ეს სია. ძალიან მარტივი პროცედურაა". - ამბობს სალომე ხვადაგიანი.

კომენტარები