აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი

პენტაგონის ცნობით, აშშ-ს თავდაცვის მდივანს პროსტატის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარეს

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც საშარდე გზების ინფექცია გამოიწვია. ექიმების თქმით, სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და თავდაცვის მდივნის დაავადების პროგნოზი კარგად გამოიყურება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო საავადმყოფოში 1-ელი იანვრიდანაა ჰოსპიტალიზებული. თავდაპირველი ინფორმაციით, მან 22 დეკემბერს ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ ყოფილა, თუმცა პროცედურის შემდეგ, გართულებების გამო, საჭირო მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ამ პერიოდის განმავლობაში ოსტინმა საკუთარი ვალდებულებები და ძალაუფლების ნაწილი დროებით მის მოადგილეს ქეთლინ ჰიქს გადასცა. თუმცა, თეთრმა სახლმა და თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებმა ოსტინის საავადმყოფოში ვიზიტის შესახებ სამი დღის განმავლობაში არ იცოდნენ, რისთვისაც იგი გააკრიტიკეს. რამდენიმე რესპუბლიკელი ოსტინის გადადგომასაც ითხოვდა, თუმცა პენტაგონში აღნიშნეს, რომ მდივანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

პენტაგონის სპიკერის თქმით, თეთრი სახლისა და მაღალჩინოსნების შეტყობინება იმიტომ დაგვიანდა, რომ გრიპის ვირუსის გამო შტაბის მეთაური რამდენიმე დღით არ მუშაობდა. კონგრესს ეს ამბავი მომდევნო დღეს შეატყობინეს.

"საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად არ მიწოდების" გამო ლოიდ ოსტინმა ბოდიში მოიხადა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოწერენ აშშ-ს თავდაცვის მდივანს საავადმყოფოდან.

 

კომენტარები