ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, 40 წლის გახდა

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დღეს, 8 იანვარს, სავარაუდოდ, 40 წლის გახდა. ოფიციალური ინფორმაცია კიმის დაბადების თარიღთან დაკავშირებით საჯარო არ არის და კომუნისტური ქვეყნის სახელმწიფო მედიას საკითხთან დაკავშირებით დუმილი არც წელს დაურღვევია.

აშშ-ს მთავრობა კიმის დაბადების წლად 1984-ს ასახელებს. აქედან გამომდინარე, ჩრდილოკორეელი ლიდერი წელს 40 წლის უნდა გამხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ კიმის წინამორბედი მმართველების, მისი მამისა და ბაბუის დაბადების დღეები ქვეყანაში ეროვნულ დღესასწაულებადაა გამოცხადებული, თავად კიმის სავარაუდო დაბადების თარიღი მედიაშიც კი არასდროს აღინიშნებოდა.

ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი ლიდერის დაბადების თარიღის დადასტურებასთან 2020 წლის იანვარში იყო. მაშინ ფხენიანმა აღიარა, რომ კიმმა აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან დაბადების დღის მილოცვა მიიღო, თუმცა, ზუსტი თარიღი არ უხსენებიათ.

წელს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ 8 იანვარს ეთერში გაუშვა კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ კიმი ქალიშვილთან და მაღალჩინოსნებთან ერთად ქათმის ფერმას სტუმრობს.

კომენტარები