ფილმები

2023 წლის 10 საუკეთესო ფილმი

Past Lives
Imdb

2023 წლის მთავარი ფილმები დიდი უმეტესობა ჯერ არ კინოგაქირავებაში არ გამოსულა, შესაბამისად ამ ეტაპზე მხოლოდ კინოკრიტიკოსებისა და დიდი გამოცემების შეფასებებს შეგვიძლია დავეყრდნოთ.

სტატია შედგენილია გამოცემების Variety, The Guardian, Rate Your Movies, Entertainment Weakly, British Film Institute, Playlist, LA Times, IndieWire, NY Times, Vanity Fair მიერ გამოქვეყნებული ათეულების მიხედვით.

2023 წლის 10 საუკეთესო ფილმია:

10. Showing Up

კელი რეიხარდტი ტრადიციულად მოტყუებით მარტივ ფილმებს იღებს. მისი ახალი ნამუშევრის Showing Up მთავარი გმირი სკულპტორი ქალია, რომელიც პერსონალური გამოფენის წინ ცდილობს დაასრულოს ქანდაკებაზე მუშაობა. სურათში მთავარ როლს ბრწყინვალე მიშელ უილიამსი ასრულებს. ფილმი მგრძნობიარედ ეხება ისეთ თემებს, როგორებიც არის დანაწევრებული ოჯახი, ხელოვანი საზოგადოება და ნერვული აშლილობა, რომელიც კრიზისში მყოფი ხელოვანის განუყოფელი ნაწილია.

9. Anatomy of a Fall

 ჟიუსტინ ტრიეს ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. სასამართლო დრამის ცენტრალური პერსონაჟი ქალია, რომელსაც საკუთარი ქმრის მკვლელობაში ედება ბრალი. სპოილერების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მთავარი გმირის უდანაშაულობის საკითხი სრულიად მეორეხარისხოვანია. სურათის მთავარი ღირსება გერმანელი მსახიობის, სანდრა ჰიულერის ფენომენალური პერფორმანსია. 

8. The Boy and The Heron

 82 წლის ჰაიაო მიაძაკის კიდევ ერთი "ბოლო ნამუშევარი". ანიმაცია იაპონელი დიდოსტატისთვის განსაკუთრებულად პირადია, ვინაიდან მთავარი გმირი მისი პროტოტიპია. ულამაზესი ალეგორია ომის მიერ წართმეულ ახლობლებზე და ახალ თუნდაც წარმოსახვით, მაგიურ მეგობრებზე.

7. The Holdovers

 საახალწლო ტრაგიკომედია, რომელიც Nebraska-სა The Descendents-ის ავტორს, ალექსანდრ პეინს ეკუთვნის. ფილმის ცენტრში პოლ ჯიამატის მიერ განსახიერებული ბუზღუნა ისტორიის მასწავლებელი და სკოლის პრობლემატური მოსწავლე, რომელსაც არსად აქვს წასასვლელი. მრავალშრიან სცენარს წლევანდელი ოსკარის მოპოვების კარგი შანსი აქვს.

6. May December

 ნატალი პორტმანი თამაშობს პროფესიონალ მსახიობს, რომელიც ჯულიანა მურის მიერ განსახიერებული ყოფილი პატიმრის ცხოვრებაში იჭრება. პორტმანის ვამპირის მსგავსი ვარსკვლავია, რომელიც ყველანაირ ხაზს უაღრესად შეუსაბამო გზებით კვეთს. ნამდვილი კრიმინალური ისტორიების საუკეთესო სტილში გადაღებული დრამის რეჟისორი Carol-ის ავტორი ტოდ ჰეინესია.

5. Poor Things

მერი შელის ფრანკენშტეინის მორიგი ორიგინალური და იუმორით გაჯერებული გადააზრება, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ რეჟისორს, იორგოს ლანთიმოსს ეკუთვნის. სურათში მთავარ როლს ემა სტოუნი ასრულებს, მას კი ზურგს უბადლო უილემ დეფო უმაგრებს.

4. Zone of Interest

Under The Skin-ის რეჟისორის, ჯონათან გლეიზერის ახალ ნამუშევარს კინოს მოყვარულები უკვე 10 წელია ელოდებიან. კანის კინოფესტივალზე წარდგენილმა Zone of Interest-მა 4 ჯილდო მოიპოვა. ფილმის მთავარი გმირები საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცის კომენდანტი რუდოლფ ჰოსი და მისი ცოლი არიან.

3. Killers of the Flower Moon

კინოს ცოცხალი ლეგენდის, მარტინ სკორსეზეც ახალი ნამუშევარი. რეჟისორი არ იღლება და კაცობრიობას კვლავ სიხარბეში ამხელს. ამჯერად მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ოკლაჰომაში, ინდიელთა დასახლებაში ვითარდება. სკორსეზემ კიდევ ერთხელ ანდო მთავარი როლი ლეონარდო დიკაპრიოს, რომელმაც გული არც რეჟისორს და არც მაყურებელს გაუცრუა. 

2. Oppenheimer

კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიულ დრამაში ორი ატომური ბომბი აფეთქდა, მაგრამ ფილმის ნამდვილი აფეთქება კილიან მერფის მიერ განსახიერებული ჯულიუს ოპენჰაიმერია, რომლის სულსაც არა რადიაცია, არამედ სინანულისა და დანაშაულის გრძნობები ანადგურებს.

1. Past Lives

2023 წლის ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორი სელინ სონგი პირველივე ფილმით ძალიან დიდ განაცხადს აკეთებს. ფილმის სიუჟეტის ცენტრში ორი სამხრეთკორეელი მეგობარია, რომელიც ბავშვობაში დაშორდა და ერთმანეთის ხელახლა საპოვნელად 24-წლიანი გზა გამოიარა.

ანოტაციები: Playlist

კომენტარები