ბიძინა ივანიშვილი

არა, ასეთი რამ არ იგეგმება – ივანიშვილი მთავრობაში სავარაუდო ცვლილებებზე

პარტია ქართული ოცნების ე.წ. საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, იგეგმება თუ არა მთავრობაში ცვლილებები, უპასუხა: "არა, ასეთი რამ არ იგეგმება". 

გარდა ამისა, როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავად არ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი და არც ამჟამინდელი პრემიერის შეცვლაა დაგეგმილი.

30 დეკემბერს ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა. მოგვიანებით, იმავე დღეს ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ ახლად შემოღებულ თანამდებობაზე სწორედ ივანიშვილი აირჩია. 

როგორც ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების" გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას". - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები