ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე: შემოვიღეთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, მას ივანიშვილი დაიკავებს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ადასტურებს TV IMEDI- მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკაში დაბრუნების" შესახებ და აღნიშნავს, რომ იგი პარტიაში ახლად შემოღებულ თანამდებობას, საპატიო თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ კობახიძემ ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე ისაუბრა. 

"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ დასრულდა ყრილობის სამუშაო ნაწილი და ვიწყებთ ყრილობის საჯარო ნაწილს. ყრილობაზე სამუშაო ნაწილში მოსმენილ იქნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, დამტკიცდა სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, წინასაარჩევნო სამზადისზე. გარდა ამისა, პარტიის წესდებაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები. პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება, პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდაქმნების შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ყრილობის დაწყებამდე სამთავრობო მედია TV IMEDI წერდა: "ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. შესაბამისად, მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა. ყრილობის საჯარო ნაწილი რამდენიმე წუთში დაიწყება".

კომენტარები