20 ივნისი

გახარია 20 ივნისზე: პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთა იყო

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევაზე ისაუბრა. გახარია ამბობს, რომ იმ დროს მათ პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმი აღკვეთეს.

ასევე, გახარიას თქმით, 20 ივნისს სამართალდამცველების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ის პასუხისმგებლობას თავად იღებს.

"20 ივნისი ჩემთვის ტრაგიკული დღეა. რა თქმა უნდა, იქ დაშვებული იყო შეცდომები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმის აღკვეთა იყო, რომელიც მიზნად ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას ისახავდა. ჩემთვის, მაშინდელი შს მინისტრისთვის, ამის არდაშვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. რადგან, ვთვლი, რომ საქართველოში დემონსტრაციებით, ძალადობით, ქუჩაში გამოსვლითა და ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევით ძალაუფლება აღარ უნდა იცვლებოდეს [...].

20 ივნისის გამოძიების მასალებიდან გამომდინარე, გაჩნდა კითხვა, ვინ გასცა ბრძანება. მე ამას ყოველთვის მარტივად ვპასუხობდი, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმ ღონისძიების პასუხისმგებელი მე ვარ. იმიტომ, რომ მაშინ შს მინისტრი ვიყავი და ამ ღონისძიებას პირადად მე ვხელმძღვანელობდი [...]

მინდა, გითხრათ, რომ შს სამინისტროს თითოეული თანამშრომელი იდეოლოგიურად, ფასეულობებითა და ემოციურად იმ დემონსტრანტების გვერდზე იდგა, რომლებმაც ეს აქცია დაიწყეს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს აქცია პარლამენტზე ძალადობრივ შტურმად გარდაიქმნა"- თქვა გიორგი გახარიამ ინტერვიუში, რომელიც მის Youtube-ის არხზე განთავსდა.

წაიკითხეთ 20 ივნისის მოვლენების შესახებ სტატია ტაბულას არქივიდან: გავრილოვის ღამე – გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა

 

კომენტარები