იემენელი ჰუსიტები

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

იემენელი ჰუსიტები

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

ბოლო ორი თვის მანძილზე იემენელი ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტესა და წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებს საფრთხეს უქმნიან. 2023 წლის 19 ნოემბერს ჰუსიტებმა იერიში მიიტანეს წითელ ზღვაში მოძრავ ისრაელის გემზე, სადაც ცხადი გახდა, რომ ეს დაჯგუფება ჰამას-ისრაელის ომში ჩართვას აპირებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჰუსიტებს ჰამასისა და ჰეზბოლას მსგავსად ირანი მფარველობს, გაჩნდა საფრთხე, რომ ჰამას-ისრაელის ომი რეგიონული მასშტაბის გახდეს და წითელი ზღვაც სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთ ფრონტად იქცეს. 

18 დეკემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ 10 ქვეყნის კოალიცია გაერთიანდება და დაიწყებს ოპერაციას "კეთილდღეობის მცველი", რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ჰუსიტების თავდასხმებს წითელ ზღვაში და დაიცვან მთელი მსოფლიოს ეკონომიკის სტაბილურობა. 

ჰუსიტების მოძრაობა, სხვანაირად - ანსარალაჰ (რაც ღმერთის მხარდამჭერს ნიშნავს), ირანიდან მართული შიიტური პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელიც იემენის სამოქალაქო ომში 2014 წლიდან არის ჩართული. ჰუსიტების მოძრაობა ჰუსეინ ალ-ჰუსიმ დააარსა და ის 90-იან წლებში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. მათ ირანის მხარდაჭერით დაიწყეს ბრძოლა იემენში საუდის არაბეთის გავლენებისა და ვაჰაბიზმის გავრცელების წინააღმდეგ.

ზოგადად, ჰუსიტები უმეტესწილად სამხრეთ იემენის ტერიტორიაზე, საადას პროვინციაში ცხოვრობდნენ და 90-იან წლებში ისინი იემენის პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის ირანთან და ჰეზბოლასთან მაკავშირებელ ხიდად იქცნენ. დეკოლონიზაციის პერიოდიდან მოყოლებული, იემენი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყო გაყოფილი და ორ იემენს შორის დაპირისპირება დღესაც სამოქალაქო ომის ძირითადი საკითხია. 90-იანი წლების ბოლოს ჰუსიტების სამხედრო დაჯგუფებამ დიდი დრო ირანში გაატარა და კონფესიაც კი შეიცვალა. თუ იქამდე ისტორიულად ჰუსიტები შიიტ ზაიდებს წარმოადგენდნენ, ირანთან დაკავშირებამ ისინი თორმეტეულ შიიტებად აქცია. ჰუსიტები ირანის დახმარებით შიიტურ, ისლამისტურ პოლიტიკურ მოძრაობად იქცნენ. 2000-იანების დასაწყისში ისინი უკვე აქტიურად დაუპირისპირდნენ იემენის პრეზიდენტ სალეჰს, ამერიკის გავლენებს რეგიონში და ისრაელის სახელმწიფოს. 2011 წელს, არაბული გაზაფხულის დროს, ჰუსიტებმა საადას პროვინცია დაიკავეს და სალეჰის რეჟიმის დასასრული გამოაცხადეს. 

ბაბ-ელ-მანდების სრუტე, წითელი ზღვა და სუეცის არხი ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზაა, რომელიც ინდოეთის ოკეანეს და აზიას ევროპასთან და ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს. მსოფლიო ვაჭრობის 12%, ხოლო კონტეინერების გადაზიდვის 30% სწორედ ამ გზას გადის დანიშნულების ადგილას მისასვლელად. ამ კრიტიკული მნიშვნელობის გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, გადამზიდ გემებს აფრიკის კონტინენტის მთლიანად შემოვლა დასჭირდებოდათ, რაც  4 345 კილომეტრით მეტის გავლას და 15 დღით გზის დაგრძელებას ნიშნავს. ეს ყველაფერი საქონლის ტრანსპორტირების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. ბაბ-ელ-მანდების სრუტე სულ რაღაც 32 კილომეტრის სიგანისაა, თუმცა ამ მცირე ტერიტორიაზე მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობა და კეთილდღეობაა დამოკიდებული. 

ირანიდან მართული ჰუსიტები სამხრეთ იემენის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადენის პორტს აკონტროლებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს ჰქონდეთ გავლენა ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით წითელ ზღვაში შემავალ გემებზე. 

ბაბ-ელ-მანდების სრუტე

ჰუსიტების თავდასხმებმა წითელ ზღვაში კომერციული გემების გადაადგილება საშიში გახადა, რაც ავტომატურად ზრდის გადაზიდული საქონლის ფასს მომხმარებლებისთვის. 12 დეკემბერს ჰუსიტებმა ნორვეგიულ კომერციულ ხომალდს რაკეტა ესროლეს, რადგან, მათი მტკიცებით, გემს ისრაელისთვის მისაწოდებლად ნავთობი გადაჰქონდა. ლოიდ ოსტინის თქმით, ბოლო თვის განმავლობაში ჰუსიტებმა 12 კომერციულ ხომალდზე მიიტანეს იერიში. 16 დეკემბერს ამერიკულმა საზღვაო ხომალდმა Diamond-მა ჩამოაგდო ჰუსიტების რაკეტა, რომელიც კომერციული ტანკერის მიმართულებით იყო გასროლილი. ასევე, წითელ ზღვაში ამერიკული გამანადგურებელი ხომალდი Carney უკვე ოპერირებს. ამას გარდა, ფრანგული და ბრიტანული სამხედრო გემებმა ჩამოაგდეს ჰუსიტების დრონები, რომლებიც კომერციული ტანკერების გადაადგილებას ხელს უშლიდნენ

ამერიკული მხარის მტკიცებით, ჰუსიტების არსენალშია ირანიდან მიღებული დრონები და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, რაც ყველა გემისთვის, რომელიც წითელ ზღვაში გავლას შეეცდება, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. წითელი ზღვა მსოფლიოს ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა, რომელიც ჰამას-ისრაელის ომის დაწყებამდე ერთ დღეში საშუალოდ 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელს ატარებდა.

მსოფლიოს ხუთი მთავარი გადამზიდი კომპანიიდან ოთხმა - Maersk-მა, Hapag-Lloyd-მა, CMA CGM Group-მა and Evergreen-მა გამოაცხადეს, რომ ჰუსიტების თავდასხმების გამო ისინი შეაჩერებდნენ გადაზიდვებს წითელ ზღვაში. მხოლოდ Maersk-ის, Hapag-Lloyd-ის და CMA CGM Group-ის გადაზიდვები მსოფლიო ვაჭრობის 40%-ს შეადგენენ. ნავთობის გიგანტმა BP-მ 18 დეკემბერს ასევე გაავრცელა ინფორმაცია წითელ ზღვაში გადაზიდვების შეჩერების შესახებ, რამაც მალევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ზრდა გამოიწვია. 

"აქ დინამიკის ცვლილება ისაა, რომ გადაზიდვები არ მოყოლილა ომის ქარცეცხლს შორის, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, არამედ საზღვაო გადაზიდვები ომის პირდაპირ სამიზნედ იქცა" - თქვა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის ბროკერმა საიმონ ლოქვუდმა. 

ჰუსიტები, ჰამასის და ჰეზბოლას მსგავსად, ირანის მარიონეტულ დაჯგუფებას წარმოადგენენ. ჰუსიტების თავდასხმების სახით ირანი ცხადად აჩვენებს მსოფლიოს მის გავლენებს ეკონომიკასა და ვაჭრობაზე. 

კომენტარები