იემენელი ჰუსიტები

იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ნორვეგიულ სავაჭრო ტანკერს რაკეტა ესროლეს

Maxar Technologies / AF

წითელ ზღვაში, ბაბ ელ მანდების სრუტესთან ნორვეგიულ სავაჭრო ხომალდს იემენურმა ჰუსიტების დაჯგუფებამ რაკეტა ისროლა. თავდასხმა ორმა დამოუკიდებელმა სადაზვერვო კომპანიამ დაადასტურა. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა თავის თავზე აიღეს. ჰუსიტების წარმომადგენლის თქმით, მათ ნორვეგიულ ხომალდს რაკეტა იმიტომ ესროლეს, რომ ტანკერს ნავთობი ისრაელისთვის გადასაცემად გადაჰქონდა. 

ბოლო კვირების მანძილზე წითელ ზღვაში ჰუსიტების საჰაერო თავდასხმები კომერციული გემების წინააღმდეგ გახშირდა. თავდასხმის შედეგად ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის თქმით, შემთხვევის დროს ტანკერის სიახლოვეს არცერთი ამერიკული გემი არ იმყოფებოდა, თუმცა წითელ ზღვაში ამერიკულმა სამხედრო გამანადგურებელმა ხომალდმა უპასუხა ნორვეგიული გემის შეტყობინებას და ეკიპაჟს მალევე დახმარება აღმოუჩინეს. 


იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.

გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კომენტარები