ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პალესტინური კვლევა: დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის პოპულარობა გასამმაგდა

Majdi Mohammed / AP

13 დეკემბერს პალესტინური კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც დასავლეთ სანაპიროზე მოსახლეობის მხარდაჭერა ჰამასისადმი გასამმაგდა. იგივე კვლევის მიხედვით, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების 88%-ს პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გადადგომა სურს. კვლევა ჰამას-ისრაელის ომის დროს ჩატარდა. 

კვლევის თანახმად, ღაზის სექტორის მოსახლეობის 57% და დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობის 82% მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმა ისრაელზე სწორი იყო. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობას სჯერა, რომ ჰამასის თავდასხმის მიზანი იყო იერუსალიმში ალ აქსას მეჩეთის დაცვა და პატიმრების გაცვლის შეთანხმების მიღწევა. პალესტინური კვლევის რესპონდენტთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ ჰამასმა თავდასხმისას ომის დანაშაულები ჩაიდინა, როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობდა, რომ არ უნახავთ სისასტიკის და ომის დანაშაულების ამსახველი ფოტოები ან ვიდეოები. სექტემბერში დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობის მხოლოდ 12% ამბობდა, რომ ჰამასის მხარდამჭერი იყო. 

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში შემცირდა საერთაშორისოდ მხარდაჭერილი პალესტინური მთავრობისადმი მხარდაჭერა. 

კვლევისას გამოიკითხა 1231 ადამიანი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში 22 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე. კვლევის ცდომილების ზღვარი 4%-ია. 

კომენტარები