საქართველო-ევროკავშირი

ევროპული საბჭოს გენერალურმა სამდივნომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

REUTERS/Yves Herman/File Photo

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საბჭოს გენერალურმა სამდივნომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, გააგრძელოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საბჭო ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, საბჭო საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და შეაფერხოს რეფორმების დღის წესრიგი.

ამავდროულად, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, განსაკუთრებით, სასამართლოს, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუციების სრული დამოუკიდებლობა, ასევე, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. 

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძირითადი უფლებების, მათ შორის, მედიის, აზრის გამოხატვის, შეკრების თავისუფლებისა და პლურალიზმის სრული პატივისცემის აუცილებლობაზე. საბჭო მიესალმება, საერთო ჯამში, კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ ეს ელემენტები საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისთვის მყარ საფუძველს აძლევს.

"საბჭო ამბობს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად მონაწილეობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ეს უზრუნველყოფს რეფორმების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებში". - წერია დასკვნაში.

გარდა ამისა, ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კი საბჭო დასკვნაში წერია, რომ დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მყარი ჩარჩო. ამასთან, საბჭო საქართველოს მოუწოდოს უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი. განსაკუთრებით, სრულად განხორციელდეს ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის მიერ წინა არჩევნების დროს გაცემული რეკომენდაციები.

"საბჭო ხაზს უსვამს ძლიერ მოლოდინს, რომ საქართველო არსებითად გაზრდის შესაბამისობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს, შემოაბრუნოს უარყოფითი ტენდეცია და განახორციელოს პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით. ეს იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული არჩევანის აშკარა ნიშანი". - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დასკვნაში წერია, რომ საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მომხრე, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით.

კომენტარები