ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის შემთხვევაში ისრაელი ჰუსიტების წინააღმდეგ იმოქმედებს

იემენელი ჰუსიტები სატვირთო გემ Galaxy Leader-ზე

იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო საზოგადოება ვერ მოახერხებს იემენელი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გზების დაზიანებისკენ მიმართული ქმედებები აღკვეთოს, ისრაელი მზად არის ჰუსიტებზე პასუხის გაცემის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. აღნიშნულის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცახი ჰანეგბიმ ისაუბრა.

"ისრაელი მსოფლიოს გარკვეულ დროს აძლევს, რათა ეს აღკვეთოს, მაგრამ თუკი ეს საერთაშორისოდ ვერ მოგვარდება, ვინაიდან ეს გლობალური საკითხია, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ, რათა ეს საზღვაო ალყა მოიხსნას". - თქვა ჰანეგბიმ.

ჰანეგბის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ევროპელ ლიდერებს იემენელი ჰუსიტების მიერ სავარაუდოდ ისრაელთან დაკავშირებულ სავაჭრო გემებზე მიტანილ თავდასხმებზე ესაუბრა.

19 ნოემბერს იემენში ირანიდან მართულმა ჰუსიტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავი ან ისრაელური კომპანიის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე გახდებოდა.

ამავე დღეს, იემენელმა ჰუსიტებმა სატვირთო გემი Galaxy Leader-ი გაიტაცეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, ის თურქეთიდან ინდოეთისკენ მიცურავდა. Reuters-ის მიხედვით, გატაცების დროს გემის ეკიპაჟი 25 წევრისგან შედგებოდა. გატაცებული სატვირთო ხომალდი ბრიტანული კომპანიის ქვეშ არის დარეგისტრირებული, რომლის წილსაც ისრაელელი მაგნატი აბრაამ უნგარი ფლობს. მიმდინარე ცნობებით, ამ დროისთვის გემის მართვა იაპონურ კომპანიას იჯარით აქვს აღებული. გემი ამ დრომდე იემენელი ჰუსიტების განკარგულებაშია.


იემენში "ჰუსიტები" ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 1990-იან წლებში დაარსდა. ისინი იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. მათი გაცხადებული მიზანია ისრაელის, აშშ-სა და ებრაელების განადგურება. ჰუსიტები ჩართულნი იყვნენ 2011 წლის “არაბული გაზაფხულის” საპროტესტო აქციებში. 2014 წელს მათ იემენის დედაქალაქის დაკავება შეძლეს, 2015 წლიდან კი საუდის არაბეთის კოალიცია ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთო.

გაეროს თქმით, იემენში კონფლიქტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე იემენში 377 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 150 000 უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს ემსხვერპლა, 60% კი შიმშილმა, ასევე საჭირო ჯანდაცვისა და უსაფრთხო წყლის არარსებობამ იმსხვერპლა. ამას გარდა, 4.5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო მოსახლეობის 80%-ს, ანუ 24.1 მილიონ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კომენტარები