რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ამერიკელ მსახიობებს მოტყუებით პროპაგანდისტული ვიდეოები ჩააწერინა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ელაია ვუდი

Microsoft-ის საფრთხის ანალიზის ცენტრის ინფორმაციით, რუსეთმა ამერიკელ მსახიობებს მოტყუებით პროპაგანდისტული ვიდეოები ჩააწერინა, რომლებშიც ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკომანიის მკურნალობისკენ მოუწოდებენ. 

მსახიობებს ვიდეოების ჩაწერა Cameo-ს აპლიკაციაში სთხოვეს, რომელშიც მომხმარებლებს ცნობილი ადამიანებისთვის ფულის სანაცვლოდ ვიდეოს ჩაწერის თხოვნა შეუძლიათ. 

Microsoft-ის თქმით, ვიდეოებში მონაწილე მსახიობებს შორის არიან ელაიჯა ვუდი, პრისცილა პრესლი, დინ ნორისი, კეიტ ფლენერი და ჯონ მაკგინლი. სავარაუდოდ, მომხმარებლებმა მსახიობებს სთხოვეს, ვიდეოში ვინმე "ვლადიმირისთვის" ნარკომანიის მკურნალობისკენ მოეწოდათ, მაგრამ არ უთქვამთ, რომ უკრაინის პრეზიდენტს გულისხმობდნენ. 

"იმედი მაქვს, მიიღებ იმ დახმარებას, რომელიც გჭირდება. დიდი სიყვარულით, ვლადიმირ. თავს გაუფრთხილდი". – ამბობს ვუდი ერთ-ერთ ვიდეოში.

შემდეგ ვიდეოები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებულმა გამოცემებმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს, სადაც მათ ემოჯიები დაამატეს და კონტექსტი სხვაგვარად წარმოაჩინეს. 

ვუდის სპიკერმა მედია გამოცემებს განუმარტა, რომ მისი კლიენტი მხოლოდ აპლიკაციაში ერთ-ერთ თხოვნას აკმაყოფილებდა და მიცემულ პოლიტიკურ კონტექსტზე წარმოდგენა არ ჰქონია.

"არანაირად არ იყო განზრახული, რომ [ვიდეო] ზელენსკისთვის ყოფილიყო განკუთვნილი ან რუსეთთან ან უკრაინასთან ან ომთან ყოფილიყო დაკავშირებული". – თქვა ვუდის სპიკერმა.

კომენტარები