უკრაინა-ევროკავშირი

რადა EU-ს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას

GETTY IMAGES

უკრაინის უმაღლესი რადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, 15 დეკემბრის სამიტზე უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს. შესაბამის მიმართვას რადას 292-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გარდა ამისა, რადა ევროკავშირს მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე საერთო ევროპული ღირებულებებისთვის, მათ შორის დემოკრატიისა და პლურალიზმისთვის ბრძოლაში.

ამის პარალელურად, უკრაინის რადა ევროპულ პარლამენტებს თხოვნით მიმართავს, მხარი დაუჭირონ უკრაინის მაკროსაფინანსო სტაბილურობას რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის პირობებში ევროკომისიის მიერ წარდგენილი უკრაინის მხარდაჭერის ინსტრუმენტის მიღებით.

უკრაინის პარლამენტი ასე მიმართავს თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება და გააფართოოს სანქციების პაკეტი როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მშვიდობის ევროპული ფონდის ფარგლებში.

8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ კიდევ ოთხი რეფორმის გატარების შემდეგ. მათ შორის იყო ცვლილებების მიღება ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით და ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებისა და შემადგენლობის გაზრდა.

ამასთან, გასულ დღეს, შესაბამისი კანონების დამტკიცებას პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა.

მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაძლოა უნგრეთმა დაბლოკოს. ქვეყნის პრემიერი ვიქტორ ორბანი კვლავ არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

კომენტარები