რუსეთი-სომხეთი

ბოლო კვირების მანძილზე ლარსზე სომხურ სატვირთოებს რუსი მესაზღვრეები აფერხებენ

hetq.am

სომხური პრესის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები სომხურ სატვირთო მანქანებს აფერხებენ, ნაწილს რუსეთში გადასვლის ნებართვას არ აძლევენ, ნაწილს კი დიდი ხნით აჩერებენ. როგორც ცნობილია, სომხეთიდან რუსეთში მიმავალი სატვირთოები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის საქონელი გადააქვთ, უფრო მკაცრ სასაზღვრო შემოწმებას გადიან, ვიდრე სხვა სატრანსპორტო საშუალებები. 

ინფორმაცია სომხური სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეფერხების შესახებ დაადასტურა რუსეთში სომხეთის საელჩოს სავაჭრო ატაშემ ვაჰან ჰაკობიანმა. 

სომხური მედია ამტკიცებს, რომ სომხური ტვირთის შეფერხება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მცდელობაა, ეკონომიკურად დასაჯოს სომხეთი ბოლო დროს მისი საგარეო  პოლიტიკის პროდასავლური ვექტორისკენ მიმართვის გამო. 

ლარსის გამშვებ პუნქტზე დღეების მანძილზე გაჩერებული იყვნენ სომხური სატვირთოები, რომელთაც ხილი, ბოსტნეული, ყვავილები, თევზი და სხვა საკვები პროდუქტები რუსეთში გასაყიდად გადაჰქონდათ. 

ლარსის სასაზღვრო დერეფანი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთსა და რუსეთს ერთმანეთთან აკავშირებს. სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მიხედვით, 2023 წელს სომხეთიდან ექპორტირებული პროდუქციის 51,7% რუსეთში გავიდა. 

კომენტარები