საქართველო-აშშ

სახდეპი: 2021 წელს Tbilisi Pride-ზე მომხდარი ძალადობისთვის ალტ-ინფოს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია განხილული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ორგანიზატორებს, მათ შორის არც ალტ-ინფოს 2022 წელს არ დაჰკისრებია პასუხისმგებლობა.

პარალელურად, სახდეპი აღნიშნავს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა 2021 წელს აღკვეთეს ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფის, ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებები.

"საქართველოს სამართალდამცავებმა აღკვეთეს ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის ალტ-ინფოს გეგმები, 2022 წლის ივნისში ჩაეშალათ თბილისი პრაიდი.  2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ღონისძიებასა და 2021 წლის 6 ივლისს, 5 ივლისის აქციაზე ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ძალადობრივად თავს ათეულობით ჟურნალისტსა და აქტივისტს დაესხნენ. ალტ-ინფოს მომიტინგეებმა ღონისძიების დროს სხვა ადგილას დემონსტრაციები მოაწყვეს.

2021 წლის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით არცერთი ჯგუფის ლიდერს ან ორგანიზატორს, მათ შორის, არც ალტ-ინფოს და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, არ დაჰკისრებიათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ალტ-ინფომ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ კონსერვატიულმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვეს". - წერია ანგარიშში.

მიუხედავად ამისა, სახდეპი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება შეუძლია. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში  ტერორიზმის მხრივ მშვიდი და სტაბილური ვითარება იყო და არცერთი ტერორისტული ინციდენტი არ მომხდარა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა შეთქმულების ფარგლებში, რომელსაც, სახდეპის თანახმად, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებული პირები ხელმძღვანელობდნენ. აქვე მითითებულია, რომ საქართველომ 2021 წელს ISIS-თან დაკავშირებული საქართველოს ხუთი მოქალაქე გაასამართლა და მსგავსი ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რომ საქართველომ 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის დასრულების შემდგომ, მისი მეორე, 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო. ნათქვამია, რომ ქვეყანამ შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების საფრთხისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევა. 

კომენტარები