ლუკა კურტანიძე

"არ ველოდი, შემრცხვა" - კურტანიძის თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობაზე არ შეუშვეს

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ საგანგებო ყრილობაზე წერს, სადაც მისი თქმით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ, არ შეუშვა.

"ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო, რომელიც ახლა მიმდინარეობს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა, რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები ... არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?... რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე... ამ კუთხით მაინც ვთვლი რაღაც შევძელი.... იმის ღირსი მაინც ვიყავი ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ.... იმდენი ადამიანის წინაშე მაინც. არადა, ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო, რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა მეტი არაფერი... ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ... და მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი შემდეგ დაუძახა გენ. მდივანს და... ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა, არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა". - წერს კურტანიძე.

კურტანიძე ამბობს, რომ მსგავს მოპყრობას არ ელოდა და თავი ძალიან დამცირებულად იგრძნო.

"დავიბენი... რადგან არ ველოდი... შემრცხვა... ძალიან დავმცირდი.... ! ძალიან მეტკინა... რაღაც ვთქვი... და წამოვედი...! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული... დიახ თქვენიდან ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქემდე ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე, რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა ....მე სხვა საზღაური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც... სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია....". - წერს კურტანიძე.

კომენტარები