გერმანია

გერმანიის დაზვერვა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის ზრდის შესახებ საუბრობს

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, თომას ჰალდენვანგი
John McDougall/ AFP via Getty images

გერმანიის შიდა სადაზვერვო სააგენტომ რადიკალიზებული ისლამისტების მხრიდან შესაძლო თავდასხმების რისკზე განაცხადა.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, თომას ჰალდენვანგის თქმით, თავდასხმების საფრთხე "რეალურია და უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში იყო".

"უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით ისლამისტების განზრახვას, დასავლეთში იერიშების მიტანის შესახებ. თუმცა, ახლა ჩნდება ახალი განზომილება". - თქვა მან.

გერმანიის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, საფრთხის დიდი ნაწილი მომდინარეობს რადიკალიზებული პირების განზრახვიდან, თავს ე.წ. რბილ სამიზნეებს, ანუ ნაკლებად დაცულ დაწესებულებებსა და სამოქალაქო მოსახლეობას დაესხან.  

ამავე ინფორმაციით, გერმანიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა "შესაძლო ტერორისტული თავდასხმების საფრთხე ებრაელ, ისრაელელ პირებსა და ინსტიტუტებზე".

აქამდე, გერმანელი პროკურორების თქმით, სამშაბათს, 28 ნოემბერს დიუსელდორფში ტერაქტის დაგეგმვასა და მომზადებაში ეჭვმიტანილი 15 წლის ბიჭი მისი სახლის ჩხრეკის დროს დააკავეს.

Dpa-ს ცნობით, ასაკით უმცროსმა ეჭვმიტანილმა თავდასხმის სავარაუდო სამიზნეებად სინაგოგა და საშობაო ბაზრობა დაასახელა.

კომენტარები