გერმანელი პროკურორების თქმით, სამშაბათს, 28 ნოემბერს დიუსელდორფში ტერაქტის დაგეგმვასა და მომზადებაში ეჭვმიტანილი 15 წლის ბიჭი მისი სახლის ჩხრეკის დროს დააკავეს.
29 ნოემბერს ლევერკუზენის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოზარდი ბრალის წარდგენის მოლოდინში პატიმრობაში დარჩება. პროკურორების თქმით, დამატებითი ინფორმაციის გავრცელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.
თუმცა, გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa გერმანიის უშიშროების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ბრანდენბურგის ფედერალურ მხარეში 15 წლის მოზარდთან ერთად, სავარაუდოდ, მისი 16 წლის თანამზრახველიც დააკავეს. როგორც სააგენტო წერს, ისინი "ურჯულოებზე" თავდასხმას გეგმავდნენ.
Dpa-ს ცნობით, ასაკით უმცროსმა ეჭვმიტანილმა თავდასხმის სავარაუდო სამიზნეებად სინაგოგა და საშობაო ბაზრობა დაასახელა.
გერმანიის საშინაო სადაზვერვო სააგენტოს თქმით, ისრაელში ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში საფრთხის დონემ იმატა და გახდა "რეალური და უფრო მაღალი, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში იყო".