რუსეთის საოკუპაციო ძალები

სუს-მა დაადასტურა, რომ ოკუპანტები სოფელ ხურვალეთთან გადაადგილდებოდნენ

კადრი დავით ქაცარავას გავრცელებული ვიდეოდან

29 ნოემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ დრონის მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც სოფელ ხურვალეთთან, უკანონოდ აშენებულ საგუშაგოებთან რუსი ოკუპანტების გადაადგილებაა ასახული. 

ტაბულას სუს-ში დაუდასტურეს, რომ ოკუპანტები სოფელ ხურვალეთთან გადაადგილდებოდნენ და განგვიცხადეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პერიოდულად უკანონოდ გადაადგილდებიან ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში. მათივე თქმით, ყოველ ასეთი შემთხვევას ქართული მხარე აყენებს, როგორც IPRM-თან, ასევე ჟენევის დისკუსიის ფორმატზე. სუს-ის მიერ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.


აქამდე 25 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. 6 ნოემბერს კი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ სუს-მა ცნობა 20 ნოემბერსაც გაავრცელა, თუმცა პირი მალევე გაათავისუფლეს.

თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი გასულ დღეებში ამბობდა, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა, რათა ამ შემთხვევის შემდეგ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია არ გამწვავებულიყო.

კომენტარები