ფინეთი-რუსეთი

ფინეთი 2 კვირით რუსეთთან საზღვარს მთლიანად ჩაკეტავს

გამოცემა Reuters-ის ცნობით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ფინეთი რუსეთიდან მგზავრობის მსურველებისთვის საზღვარს მთლიანად ჩაკეტავს, რათა უჩვეულოდ დიდი ლტოლვილთა ნაკადი შეაჩეროს. ფინეთის მთავრობის თქმით, აღნიშნული ნაკადი მოსკოვის მიერ ხელოვნურად არის შექმნილი.

ნოემბრის თვეში რუსეთის მხრიდან ფინეთში 900-მდე მიგრანტმა შეაღწია. ისინი ძირითადად იემენის, კენიის, მაროკოს, პაკისტანის, სომალისა და სირიის მოქალაქეები არიან.

ფინეთის თქმით, რუსეთი მიგრანტების ნაკადს ფინეთის საზღვართან მისვლაში მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პასუხია.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ მიგრანტების გადაადგილებაში მოსკოვის ჩართულობის დაშვებას "ძალიან უცნაური" უწოდა. 

თავდაპირველად გამშვები პუნქტების ჩაკეტვას კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "ღრმა მწუხარების გარდა, არაფერს იწვევს".

რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კი თქვა, რომ რუსეთი ფინეთის მიერ საზღვრების სრულ ჩაკეტვას პასუხს გასცემდა. თუმცა, ზახაროვას არ დაუზუსტებია, რა ზომების მიღებას გეგმავს მოსკოვი.

მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ღიაა საუბრისათვის, თუმცა, პრობლემების საფუძველს ფინეთში ხედავს. 

"ღია ვართ დიალოგისადმი, კერძოდ სასაზღვრო საკითხებზე". - თქვა რუსეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა.

რუსეთისა და ფინეთის საზღვარზე სულ 9 სასაზღვრო გამშვები პუნქტია. 16 ნოემბერს ფინეთმა 4 პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც 22 ნოემბრამდე ერთის გარდა ყველა დანარჩენი პუნქტი თანდათანობით დაიხურა. 22 ნოემბრიდან დღემდე ლტოლვილებისთვის ღია მხოლოდ ერთი სასაზღვრო პუნქტი იყო დარჩენილი.

კომენტარები