რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: უკრაინა EU-ს ახლო მომავალში გააძლიერებს, პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ სხვა ქვეყნებსაც

Michael Kappeler/picture-alliance/dpa/AP

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინა ევროკავშირს უახლოეს მომავალში გააძლიერებს. ამავდროულად, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ამის შესახებ ბერბოკმა ქალაქ კარლსრუეში ალიანსი კავშირი 90/მწვანეების ყრილობაზე ისაუბრა.

"დღეს ცხადია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. უკრაინის გაწევრიანება ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროპაში ე.წ. ნაცრისფერი ზონები აღარ უნდა დარჩეს". - თქვა ბერბოკმა.

ამასთან, ანალენა ბერბოკის თქმით, გაძლიერებასთან ერთად აუცილებელია ევროკავშირის რეფორმირებაც. მისი თქმით, უნდა შეიცვალოს ე.წ. ერთსულოვნების პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს.

ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის სამხედრო და სხვა სახის მხარდაჭერას. მისი თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთი ცდილობს, რომ ევროკავშირის ერთიანობა დაარღვიოს.

"ბოლო კვირებში ჩვენი ერთიანობა გამოცდის წინაშე დგას ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო, სადაც სიმართლე რომ ვთქვათ, ყოველთვის მართლაც ვერ ვპოულობდით საერთო ენას, როგორც ევროპელები". - თქვა ბერბოკმა.

კომენტარები