საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592.4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი, 2022 წლის III კვარტალთან შედარებით,12.0%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.
საზღვარგარეთ ვიზიტებისას გაწეული ხარჯების კატეგორიების განაწილება:
- საყიდლები - 236.7 მლნ ლარი;
- საკვები და სასმელი - 137.9 მლნ ლარი;
- განთავსება - 119.8 მლნ ლარი;
- ადგილობრივი ტრანსპორტი - 51.1 მლნ ლარი;
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 28.5 მლნ ლარი;
- სხვა ხარჯი - 18.3 მლნ ლარი.
საქსტატის გამოქვეყნებულ გამყვანი ტურიზმის სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეზიდენტები საზღვარგარეთ თითქმის 819.9 ათასჯერ გავიდნენ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს 397.6 ათასი მოქალაქე საზღვარგარეთ ტურისტული ტიპის ვიზიტით გავიდა, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ექსკურსიულ ვიზიტებს, იმავე დროით პერიოდში 249.6 ათასი ადამიანი სწორედ ამ მიზნით გავიდა ქვეყნიდან. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 2%-ით აღემატება.
ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:
- თურქეთი - 41.5%;
- სომხეთი - 16%;
- რუსეთი - 14.4%;
- აზერბაიჯანი - 1.4%;
- ევროკავშირის ქვეყნები - 14.4%;
- სხვა ქვეყნები - 12.8%.