ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დოლიძე ენმ-ის მანიფესტზე: არ ასახავს რეალობას, ხელმოწერას ინდივიდუალურად გადავწყვეტთ

კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, პარტიის გამოქვეყნებული მანიფესტის შესახებ ე.წ ნიკა მელიას ფლანგშიც მსჯელობენ, რის შემდეგაც, ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, ვინ მოაწერს ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა. მან რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ მანიფესტში "ცალკე აღებული პუნქტები შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ არ ასახავს არსებულ რეალობას"

"დღის ბოლოს რაღაც დოკუმენტი დაიდო, სადაც წერია რაღაც ცალკე აღებული პუნქტები, რომელიც თავიდან ბოლომდე... პუნქტები ცალკე აღებული შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ არ ასახავს რეალობას. როგორ შეიძლება, პოლიტსაბჭოს ნაწილში ვისაუბროთ, რომ თურმე ყველაფერი ლეგიტიმური იყო, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საუბრობდა, რომ ძალიან არასწორად მოიქცა ახალი მენეჯმენტი, როდესაც გარიყა ხალხი პოლიტიკური საბჭოდან.

ასე რომ არ იძლევა ეს დოკუმენტი იმის შესაძლებლობას, სამწუხაროდ, სადაც ყველას პოზიცია შეიძლება იყოს გაერთიანებული. რაც შეეხება, ხელს ვაწერთ თუ არ ვაწერთ, ამასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი გუნდის შიგნით და შემდგომ უკვე, ალბათ, ინდივიდუალურად ყველა მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ მოაწერს ხელს და ვინ არ მოაწერს ხელს", - ამბობს ბაჩო დოლიძე და იქვე "ტექნიკურ საკითხს" უწოდებს მანიფესტზე ხელის მოწერა-არმოწერას.

მას გადაცემის წამყვანი არ დაეთანხმა, რომ ხელმოწერა ტექნიკურია. ნინო შუბლაძემ დოლიძეს შეახსენა ენმ-ის მენეჯმენტის განცხადებები, რომ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ის პარტიას დატოვებს.

"ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?" - უპასუხა ბაჩო დოლიძემ.


ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, "დოკუმენტი წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანიფესტს, რომელიც ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მანიფესტი ცხადყოფს თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ამის მიღწევა. ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად  პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული  შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".

კომენტარები