ბრაზილია-არგენტინა

ბრაზილიისა და არგენტინის მატჩის დროს პოლიციასა გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა

რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი პოლიციისა და სტუმრად ჩასულ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო დაგეგმილზე ნახევარი საათით გვიან დაიწყო.

მარაკანას სტადიონზე ბრაზილიისა და არგენტინის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთი კარის უკან, სტუმართა სექტორში ჰიმნების შესრულების დროს დაიწყო. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, არგენტინის ჰიმნის შესრულების დროს ბრაზილიელთა სტვენა გახდა.

დაპირისპირებაში ადგილობრივი პოლიციის ჩართვის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, პოლიციამ გულშემატკივრების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა, არგენტინელებმა კი სამართალდამცველებს სკამების სროლით უპასუხეს.

პოლიციისა და გულშემატკივრების ფიზიკური დაპირისპირების ფონზე არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ სიტუაციის დამშვიდების მიზნით გუნდის მოედნიდან გაყვანა გადაწყვიტა, ფეხბურთელები მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდნენ.

მატჩის შემდეგ კი ლიონელ მესიმ ბრაზილიის პოლიცია სისასტიკეში დაადანაშაულა.

"ჩვენ ვნახეთ როგორ ურტყამდა პოლიცია ადამიანებს. სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ჩვენი ოჯახების წევრებიც იყვნენ. იგივე [დაპირისპირება] მოხდა კოპა ლიბერტადორესის ფინალის დროსაც. ისინი თამაშზე მეტად დაპირისპირებაზე არიან ფოკუსირებულნი. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ჩვენი მიზანი სიტუაციის დაწყნარება იყო. დღეს ჩვენ ისტორია დავწერეთ [ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საკუთარ მოედანზე პირველად დამარცხდა], თუმცა, აუცილებელია იმის თქმა, რომ ამას თან ახლდა ბრაზილიელთა მხრიდან არგენტინელთა რეპრესიის მორიგი შემთხვევა. ეს მიუღებელია, სიგიჟეა და დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს". - თქვა მესიმ.

მომხდარის შესახებ კომენტარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა, მარკინიოსმაც გააკეთა, რომელიც დაპირისპირების დროს ლიონელ მესის და არგენტინის სხვა ფეხბურთელებს ესაუბრებოდა და მათთან ერთად სიტუაციის დამშვიდებას ცდილობდა.

"ჩვენ ვნერვიულობდით ოჯახებზე, ქალებზე და ბავშვებზე, რომლებიც პანიკურ მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენ ამას ვხედავდით. მოედნიდან რთული იყო იმის გარკვევა თუ ზუსტად რა ხდებოდა ტრიბუნაზე, თუმცა, სიტუაცია ძალიან საშიში იყო". - თქვა მარკინიოსმა.

საბოლოოდ, ბრაზილიისა და არგენტინის საფეხბურთო მატჩი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, მატჩში ერთადერთი გოლი არგენტინელთა ვეტერანმა მცველმა, ნიკოლას ოტამენდიმ გაიტანა.

კომენტარები