თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ჩხეიძე: მოქალაქე წმინდანი თბილისის კინოფესტივალის კონკურსში არ შემოიტანეს

Cavea

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში არ მოხვდა თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმი მოქალაქე წმინდანი.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა და დირექტორმა გაგა ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, ფილმის შემქმნელებმა თავად არ შემოიტანეს განაცხადი. 

ჩხეიძის თქმით სექცია ქართულ პანორამაში 80-დე ფილმი შემოვიდა, რომლიდანაც ორგანიზატორებმა 32 სურათი დატოვეს. 

მოქალაქე წმინდანი 26 ოქტომბრიდან ქართულ კინოგაქირავებაში გადის.

კარლოვი ვარის ფესტივალის მონაწილე და ბათუმის ფესტივალის გამარჯვებული სურათი 2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოსთვის, ოსკარისთვის იბრძოლებს. 

კონკურსში ოსკარის ნომინაციისთვის 4 ფილმი იბრძოდა:

  • გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო (რეჟისორი – ლელა წიფურია);

  • მოქალაქე წმინდანი (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი);

  • მშვენიერი ელენე (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი);

  • შაშვი, შაშვი, მაყვალი (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).

ყაჯრიშვილის ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო. 2-2 ხმა შეხვდა მშვენიერ ელენეს და შაშვი, შაშვი, მაყვალს.

თინათინ ყაჯრიშვილი ერთ-ერთია იმ რეჟისორთაგან, რომელიც კინოს სფეროს წარმომადგენლების პროტესტს არ შეუერთდა და ერთ-ერთი აქციის დროს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება.

კომენტარები