თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

7 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანის ფოიეში, თბილისის 25-ე კინოფესტივალის არასაზეიმო დახურვა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის ჟიური და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ოქროს პრომეთე მიიღო ტატო კოტეტიშვილის სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა "წმინდა ელექტროენერგია", მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სექციიდან კი - ნუცა წიქარიძის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა "მცხუნვარე მზე".

ოქროს პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა ელენე ბურჭულაძის ფილმს "მამა, გამჟღავნებული".

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის კი მაკა გოგალაძის "რაც თავი მახსოვს" დაჯილდოვდა.

ამასთანავე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ანკა გუჯაბიძემ მოკლემეტრაჟიანმა ნამუშევრით "ბახმარო 2050" და გიორგი ქველიძემ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის - "იქ, სადაც სახლია".

სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები ევროკავშირის პრიზისათვის "ადამიანის უფლებები კინოში", მხატვრულ კატეგორიაში, პრიზი გადაეცა ტატო კოტეტიშვილის ფილმს "წმინდა ელექტროენერგია", დოკუმენტურში კი - ელენე მიქარებიძის "ლურჯ მოცვს".

დოკუმენტური კინოს ასოციაცია "დოკამ" ჯილდო გადასცა დოკუმენტური სრულმატრაჟიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულს, მაკა გოგალაძის ფილმს "რაც თავი მახსოვს".

ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის გამო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წლევანდელი ქართული ფილმების ჩვენება არ გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორები ღიად მხარს უჭერენ საპროტესტო აქციების მონაწილეებს. გახსნის დღეს ორგანიზატორებმა და კინოს სხვა მესვეურებმა საპროტესტო მარში მოაწყეს.

კომენტარები