ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის ცნობით, ბოლო ერთ საათში ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა და 3 დრონი გაუშვა

ისრაელის ტანკები ლიბანის საზღვართან ჰეზბოლას პოზიციებს ცეცხლს უხსნიან, 2023 წლის 9 ოქტომბერი.
Jalaa MAREY / AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთ საათში 25 რაკეტა და 3 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით რაკეტების ნაწილი ისრაელის რკინის გუმბათმა მოიგერია, ხოლო დანარჩენი რაკეტები ცარიელ და დაუსახლებელ მიწებზე ჩამოვარდა. 

ჰეზბოლამ ასევე სამი შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა. დრონები ისრაელი-ლიბანის საზღვართან ისრაელის თავდაცვის ძალების პოსტზე ჩამოვარდა. ისრაელის მხარის ცნობით, აღნიშნული თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.

IDF-ის მიხედვით, ისრაელი ამ თავდასხმებს არტილერიის იერიშებით უპასუხებს და გაანადგურებენ იმ წერტილებს, საიდანაც რაკეტები და დრონები გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, რამდენიმე დღის წინ ისრაელის დაზვერვამ გამოააშკარავა ჰეზბოლას ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელიც ლიბანური სოფელი მარვაჰინიდან ისრაელის მიწაზე ანტისატანკო სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ნოემბერში IDF-ის ძალები ქალაქ ღაზაში შევიდნენ. ღაზის სექტორი ჯერჯერობით შუაზეა გაყოფილი. 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად დაიკავეს და ომის ახალი ფაზა დაიწყო.

კომენტარები