არგენტინა

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა

telegraph.co.uk

19 ნოემბერს არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ლიბერტარიანელმა კანდიდატმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა. მილეიმ მეორე ტურში ხმების 56% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა სერხიო მასამ - 44%. არჩევნების პირველ ტურში, სერხიო მასამ 36%, ხოლო ხავიერ მილეიმ 30% მიიღო. 

"ამ ღამეს არგენტინის რეკონსტრუქცია იწყება. დღეს არგენტინისთვის ისტორიული დღეა" - თქვა ხავიერ მილეიმ.

ხავიერ მილეი არგენტინაში ხისტი პოლიტიკის მომხრე პოლიტიკოსად ითვლება. ის არგენტინელ ხალხს დაპირდა, რომ ქვეყანაში მკაფიო ცვლილებებს მოახდენს და დაანგრევს ორთოდოქსულ ეკონომიკურ სისტემას. 

არგენტინაში ბოლო პერიოდში მთავარი პოლიტიკური საკითხი ეკონომიკური კრიზისი იყო - დაფიქსირდა 143%-იანი ინფლაცია და სიღარიბის რეკორდული დონე. ხავიერ მილეის საარჩევნო კამპანიის მთავარი აქცენტები ეროვნული ბანკის დაშლა, ეკონომიკის დოლარზე მიბმა, სამინისტროების რაოდენობის განახევრება და სოციალური სუბსიდიების შეკვეცა იყო. 

ხავიერ მილეიმ 19 ნოემბერს თავის მიმართვაში თქვა, რომ ახლა არგენტინისთვის "თანდათანობითი პოლიტიკის" დრო არ არის და უკან დასახევი გზა არ აქვთ. მილეიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის ძირითად ღირებულებებს - შეზღუდულ მთავრობას, კერძო საკუთრების პატივისცემას და თავისუფალ ვაჭრობას. 

ბუენოს აირესის ცენტრალურ მოედანზე ხავიერ მილეის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. წინასაარჩევნო პერიოდი არგენტინაში მკაფიოდ პოლარიზებული იყო. ხავიერ მილეის მემარჯვენე პოლიტიკის დიდი ნაწილი არგენტინული პოლიტიკური სივრცისთვის კონტროვერსიულად ფასდებოდა. 

კომენტარები