სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: დღეს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში დეოლიგარქიაზაციასა და ქვეყნის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ივანიშვილს ოლიგარქად, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ოლიგარქია. 

"მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ "დეოლიგარქიზაციის" რეკომენდაციის შესრულების გზად მომავალი არჩევნები და ერთპარტიული სისტემის დასრულება ევლინება 

"პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით". – თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე პასუხის გაცემისას ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქია, რომელსაც გახლეჩილ მსოფლიოში რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების სწამს და თავისი სტრატეგია შესაბამისად აქვს შედგენილი.

"ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახლაგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა". – თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა ამ "ცუდ აღქმას" საზოგადოების პროდასავლური სეგმენტის თვალსაზრისი დაუპირისპირა, რომლის მიხედვით, რუსეთმა საკუთარი ადგილი მსოფლიოში დაკარგა. 

"მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა - სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის "წყალობით" მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო". – თქვა ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ რა კომუნიკაცია ჰქონდა ივანიშვილთან, პრეზიდენტმა თქვა, რომ დაახლოებით სამი წელია, რაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია. მანვე დაამატა, რომ მანამდეც მხოლოდ საგარეო საკითხებზე ესაუბრებოდა და, ზოგადად, ივანიშვილი საკუთარ შეხედულებებზე ნაკლებს ლაპარაკობს. 

"ორწელიწადნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს". – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები