ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Reuters/Ipsos: აშშ-ში ისრაელისადმი მხარდაჭერამ იკლო, იარაღის მიწოდებას 31% ემხრობა

ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და ისრაელის ანტი-სარაკეტო "რკინის გუმბათი" აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო წვრთნაზე, 2018
Jack Guez/AFP via Getty Images

გამოცემა Reuters-ი Ipsos-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მოსახლეობაში ისრაელისადმი მხარდაჭერა, წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია.

კვლევაში "ისრაელის მხარდაჭერის" წინადადებას გამოკითხულთა მხოლოდ 32% ემხრობა, რაც ოქტომბრის კვლევის შედეგებთან შედარებით 9%-ით არის შემცირებული. გამოკითხულთა პასუხების პარტიული ნიშნით დაყოფის შემთხვევაში ჩანს, რომ რესპუბლიკელების 45%, ხოლო დემოკრატების 31% ემხრობა ისრაელის მხარდაჭერის წინადადებას.

გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ჰამას-ისრაელის კონფლიქტში აშშ-მ ნეიტრალური მედიატორის პოზიცია უნდა დაიკავოს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 57% ისრაელს დადებითად უყურებს, თუმცა ეს განწყობა რესპუბლიკურ პარტიაში უფრო გავრცელებულია - ისრაელის მიმართ დადებითი დამოკიდებულება რესპუბლიკელების 71%-ს, ხოლო დემოკრატების 57%-ს აქვს. უკრაინის შემთხვევაში პირიქითაა: დემოკრატების 77%, ხოლო რესპუბლიკელების 60% უყურებს უკრაინას დადებით ჭრილში, მაგრამ ჯამში აშშ-ს მოსახლეობის 62%-ს უკრაინისადმი დადებითი განწყობა აქვს.

7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხის შეფასებისას ამერიკელები დაყოფილები არიან. მოსახლეობის 50%-ს მიაჩნია, რომ ისრაელის ბოლოდროინდელი იერიშები გადაჭარბებულია. ამ საკითხზე პარტიული ნიშნით რესპონდენტებს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ: ისრაელის იერიშები დემოკრატების 62%-ისთვის არის გადამეტებული მაშინ, როცა იგივე აზრს რესპუბლიკელთა მხოლოდ 30% იზიარებს.

ისრაელისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში, გამოკითხულთა 45% იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნულ ომებში ამერიკა არ უნდა ჩაერიოს, ვინაიდან აშშ-ს იქ არაფერი ესაქმება.

ამის მიუხედავად, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ღაზაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება, ხოლო 82% ამბობს, რომ ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა.

განსხვავებული შედეგებია უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის საკითხზეც. აშშ-ს მოსახლეობის 41% უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას ემხრობა, შედარებისთვის ისრაელისთვის იმავეს გაკეთება გამოკითხულთა მხოლოდ 31%-ს სურს. დემოკრატების უმეტესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის მომხრეა, ისრაელისთვის კი უმეტესობა ამ იდეას ეწინააღმდეგება, რესპუბლიკელებში განწყობები პირიქით არის: უმეტესობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ისრაელისთვის შეიარაღების გაგზავნას მხარს უჭერს.

კომენტარები