ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Reuters: ირანი ისრაელის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება

აიათოლა ალი ხამენეი

Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი ისრაელსა და ჰამასს შორის ომში არ ჩაერთვება.

გამოცემის ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის მეთაურს, ისმაელ ჰანიეს შეხვედრისას უთხრა, რომ ირანი ჰამასის მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მაგრამ ისრაელთან ომში პირდაპირ არ ჩაერთვება. ამის მიზეზად აიათოლამ დაასახელა ის, რომ ჰამასმა ირანს თავდასხმის შესახებ "არანაირი გაფრთხილება არ მისცა".

Reuters-ის ინფორმაციით, აიათოლამ ჰანიეს ასევე უთხრა, რომ შეეჩერებინა ჰამასში ადამიანები, რომლებიც ირანსა და ჰეზბოლას ომში სრულად ჩართვისკენ მოუწოდებენ.  

გამოცემა წერს, რომ ჰამასმა საჯაროდ უარყო ამ ცნობების სინამდვილე, ხოლო ირანის საგარეო სამინისტრო Reuters-ის თხოვნას კომენტარისთვის არ პასუხობს. მიუხედავად ამისა, საჯაროდ გამოცხადებულ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ არცერთ მხარეს სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც Reuters იუწყება, ჰამასის თავდასხმა ისრაელზე ჰეზბოლასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო საზღვარზე განთავსებული მისი ჯარისკაცები მზადყოფნაშიც არ იყვნენ. 

"ჩვენ ომში გავიღვიძეთ". – თქვა ჰეზბოლას ერთ-ერთმა მეთაურმა, Reuters-ის ინფორმაციით.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები