თბილისის მეტრო

კალაძე: მეტროს ახალი ვაგონების შემოსვლა 2025 წლიდან დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მეტროს ახალი ვაგონები 2025 წლიდან, ეტაპობრივად შემოვა. 

"რაც შეეხება შესყიდვას. პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის ბაზრის კვლევის გამოცხადება და დეტალურად გავიგებთ, რა კომპანიებია, ვის ექნება ინტერესი, რომ იმ სტანდარტის ვაგონები მივიღოთ, როგორიც ჩვენთვის და თბილისისთვის მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ უკვე ტენდერი გამოცხადდება, სადაც დეტალურად გვეცოდინება, თუ რა ვადაში იქნება ვაგონების მოწოდების შესაძლებლობა. მათ დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება.

გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვუყურებთ, ვვარაუდობთ, რომ ვაგონების მიღება, ალბათ, 2025 წლიდან იქნება შესაძლებელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმ კომპანიაზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებული იქნება და ასევე, ვაგონების წარმოების დროზე. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, 2025 წლიდან თბილისში ახალი ვაგონების შემოსვლა დაიწყება, რაც ყოველწლიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად მოხდება იმ ვაგონებისა და შემადგენლობების ჩანაცვლება, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა გასდით". - თქვა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 16 ნოემბერს, კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში 212 თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის, ჯამში 45 მატარებლის შესყიდვაა გათვალისწინებული, რომლებითაც ამჟამად არსებული მოძველებული მატარებლები ეტაპობრივად, 15 წლის განმავლობაში ჩანაცვლდება.

კალაძე ამბობს, რომ აქედან, 13 ცალი 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის, ხოლო 32 ცალი 5-ვაგონიანი მატარებელი კი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის ინება განკუთვნილი.

კომენტარები