ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ვაშინგტონში ისრაელის მხარდასაჭერ აქციაზე 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა

ისრაელის მხარდასაჭერი აქცია ვაშინგტონში, 14 ნოემბერი, 2023
AP Photo/Jacquelyn Martin

ჰამასთან ომის ფონზე, 14 ნოემბერს ვაშინგტონში ისრაელისთვის სოლიდარობის ნიშნად მარშს 200000-მდე ადამიანი შეუერთდა.

მასობრივ მიტინგზე, სახელად "მარში ისრაელისთვის", ისრაელის მხარდასაჭერად მოსახლეობა მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ისრაელის სამხედრო კამპანიის დასაგმობად გამოვიდა.

ჩრდილოეთ ამერიკაში ებრაული ფედერაციების პრეზიდენტის თქმით, ამერიკაში დიდი რაოდენობით ისრაელის მხარდამჭერთა არსებობის მიუხედავად, ხმამაღალი უმცირესობის ხმა, რომელიც საპირისპირო აზრზეა, დღითიდღე იზრდებოდა.

"ჩვენ აქ ვდგავართ, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ თავს, კიდევ ერთხელ, არავის გავანადგურებინებთ", - თქვა აქციაზე მყოფმა ისრაელის მოქალაქემ.

აქციაზე შეკრებილებს ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ვიდეოთი მიმართა. მისი თქმით, ეს მარში, კეთილის ბოროტზე გამარჯვების, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების მარშია. მიმართვისას ისრაელის პრეზიდენტმა ჰამასს აყვანილი ტყვეების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა.

დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივი პროპალესტინური აქციები იმართება. 21 ოქტომბერს ერთ-ერთ ასეთ აქციაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

ამასთანავე, ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, დასავლეთის ქვეყნებში საგრძნობლად გაიზარდა ანტისემიტიზმის შემთხვევები. მაგალითად, საფრანგეთის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში 1040-მდე ანტისემიტური ქმედება დაფიქსირდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანინის ცნობით, ამგვარი სამართალდარღვევებისთვის საფრანგეთში 486 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 102 უცხოელი იყო.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები