ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი პროირანულ გამოცემა ალ-მაიადინს დახურავს

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი, 7 ოქტომბერი, 2023
Haim Zach/GPO

13 ნოემბერს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე პრო-ირანული მედიის ალ-მაიადინის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ოქტომბრის თვეში მიღებული რეგულაციების ფონზე გახდა შესაძლებელი. აღნიშნული რეგულაციები ისრაელის მთავრობას საშუალებას აძლევს, ის უცხოური მედიები დახუროს, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიაჩნია.

კაბინეტის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაციის მინისტრი შლომო კარი პოლიციასთან მუშაობდა, რათა ალ-მაიადინის ვებსაიტების დაბლოკვა და სამუშაო მოწყობილობების ჩამორთმევა მოხერხდეს. შლომო კარის თქმით, გამოცემა "ისრაელის მტრების ინტერესებს ემსახურება".

ამასთანავე, კარიმ დასავლეთ სანაპიროში ისრაელის სამხედრო მეთაურს მოთხოვნა გაუგზავნა, ალ-მაიადინის ოფისები დასავლეთ სანაპიროშიც დახუროს.

ალ-მაიადინის დახურვის მომხრე ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთიც იყო, რომელმაც შლომო კარის მოთხოვნა უსაფრთხოების კაბინეტს წარუდგინა.

"ისრაელი ომშია - ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე, კიბერსივრცეში, რადიოტალღებსა და ხალხის ცნობიერებაში... ალ-მაიადინის გადაცემები და ახალი ამბები კი საზიზღარ ტერორისტულ ორგანიზაციებს ემსახურება", - თქვა შლომო კარიმ.

ისრაელის კომუნიკაციის მინისტრის მთავარი სამიზნე მანამდე ტელეარხი ალ-ჯაზირა იყო. კითხვაზე, თუ რატომ არ იყო უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილებაში ალ-ჯაზირა ნახსენები, კომუნიკაციის მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები