რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ლუკაშენკოს მონაწილეობაზე ICC-ს მტკიცებულებები წარუდგინეს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ბელარუსის ყოფილმა კულტურის მინისტრმა და ახლა გაქცევაში მყოფმა, პაველ ლატუშკამ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეში ალექსანდრე ლუკაშენკოს პირდაპირი ჩართულობის შესაძლო მტკიცებულებები წარუდგინა

"ჩვენ სასამართლოს გავუზიარეთ უკრაინიდან ბავშვების ბელარუსში უკანონო დეპორტაციაში ლუკაშენკოს, როგორც ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოს ლიდერის, პირდაპირი ჩართულობის დამატებითი მტკიცებულებები" – თქვა ლატუშკამ The Associated Press-ის წარმომადგენელთან საუბრისას ჰააგაში. 

პაველ ლატუშკას თქმით, სასამართლოსთვის მიწოდებული დოკუმენტები ასევე მოიცავს მტკიცებულებებსა და მანამდე უცნობ ფაქტებს ბელარუსული და რუსული ორგანიზაციების, მათი ლიდერებისა და წევრების ჩართულობაზე უკრაინელი ბავშვების ბელარუსში უკანონო დეპორტაციაში. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინიდან უკანონოდ დეპორტირებული ბავშვები გადაჰყავთ სპეციალურ "საგანმანათლებლო" ბანაკებში, რომელთა მიზანიც "ბავშვების მენტალიტეტის რუსულ ნარატივზე მორგებაა". 

აღნიშნულის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე, 2023 წლის ივნისში ლატუშკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიერ ოკუპირებუილი 15 ქალაქიდან 2 100 უკრაინელი ბავშვის ბელარუსში ძალადობრივი გადაყვანაში ლუკაშენკოს პირდაპირი თანხმობის მტკიცებულებები წარუდგინა. ლუკაშენკომ თავის განცხადებაში ეს "სიგიჟედ" შეაფასა და თქვა, რომ ის უკრაინელ ბავშვებს მანსპინძლობდა და მათ დახმარებას უწევდა ომისგან გამოწვეულ ტრავმასთან გამკლავებაში.

ICC-ში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს, 2023 წლის 17 მარტს სასამართლომ აღნიშნული საქმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტისა და ბავშვთა საკითხებში ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვაზე დაკავების ორდერი გასცა. რუსეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, რუსეთმა უკრაინიდან 700 ათას ბავშვზე მეტი უკრაინელი ბავშვი "მიიღო."

კომენტარები