საქართველო-ევროკავშირი

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

Getty Images

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის შეფასება პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

"კოლეგები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის მისწრაფებას, რომ შეუერთდნენ ევროკავშირს. ეს მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს ხელისუფლების მოქმედებებში, რომელმაც მეტი უნდა იმუშაოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მთავრობისგან დამატებითი პროგრესია საჭირო გასულ წელს გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაში.

კომისია ასევე გამოყოფს პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში, დეოლოგარქიზაციის გეგმა მიღებულ იქნა, პერსონალური მიდგომა აღმოიფხვრა, ანტიკორუფციული ბიურო დაფუძნდა. შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს მნიშვნელოვანი რეფორმებისკენ". – თქვა ლაიენმა

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა იმავე წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა.

პირობები, რომლითაც ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდა

კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო კენჭს უყრის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სავარაუდოა, რომ საბჭო მხარს სწორედ ევროკომისიის მიერ რეკომენდირებულ გადაწყვეტილებას დაუჭერს.

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა მეტწილად სიმბოლურ ეტაპად ითვლება.

ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების გრძელვადიანი მოლაპარაკებების დაწყება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis) ქვეყნის დაახლოებაა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კვლავ წარადგენს აზრს ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. ყველა წევრი ქვეყნისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება.

ევროკავშირის ამჟამინდელი 21 წევრის (დამფუძნებელი წევრების გარეშე) ბლოკში გაწევრიანების საშუალო დრო 9 წელია. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში ვადები განსხვავებულია და დამოკიდებულია ქვეყნის მზაობაზე, საჭირო რეფორმების რაოდენობაზე, გლობალურ პოლიტიკასა და სხვა ფაქტორებზე.

ვრცლად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის დინამიკასა და განწყობებზე წაიკითხეთ აქ

ამჟამად ევროკავშირს წევრობის 8 კანდიდატი ჰყავს. მათ შორის სტატუსი ყველაზე ადრე, 1999 წელს თურქეთმა მიიღო, შესაბამისად, ის ყველაზე სტაჟიანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე უიმედო (ორმხრივად) კანდიდატია. მას მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონია 2005 წელს, მონტენეგრო – 2010 წელს, სერბეთი – 2012 წელს, ალბანეთი – 2014 წელს. 2022 წელი ბოლო ათწლეულებში ევროკავშირის გაფართოების ისტორიისთვის უპრეცედენტო წელი იყო – ამ წელს კანდიდატის სტატუსი სამ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მიენიჭა.

რატომ ახლა და არა შარშან? – ბოლო წლებში ევროკავშირში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კავშირებზე ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში ტაბულას არქივიდან

კომენტარები