საქართველო-ევროკავშირი

გვყავს რუსული რეჟიმი, ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს

საქართველო-ევროკავშირი

გვყავს რუსული რეჟიმი, ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს

ყოველ ჯერზე, როცა ივანიშვილის მთავრობას საკუთარი პროდასავლურობის ხაზგასმა სურს, საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ქართულ საზოგადოებას ახსენებს, რომ მათი "ექსკლუზიური დამსახურებაა" ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადება, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და 2022 წლის ზაფხულში სტატუსის ნაცვლად მიღებული ევროპული პერსპექტივა. ხაზს უსვამენ იმასაც, რომ კონსტიტუციაში სწორედ მათ შეიტანეს მუხლი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ. 

რუსულ რეჟიმს უწევდა და უწევს გადადგას ნაბიჯები დასავლური ინტეგრაციისკენ და ამტკიცოს, რომ პროდასავლურია, რადგან ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია სურს, შესაბამისად, ეს ნაბიჯებიც ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.

მაგრამ რა ხდება, როცა დასავლეთი იმგვარ პირობებს გიყენებს, რომელთა აღსრულებაც შენი ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს?

მომდევნო თვეებში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას ელის და ხელისუფლება ყველანაირი სცენარისთვის ნიადაგს ამზადებს.

რეჟიმი შეფარული თუ ღია გზავნილებით წლებია ევროკავშირის უარის გაუტკივარებას ცდილობს – იქნება ეს დასავლეთის დადანაშაულება საქართველოს ომში ჩართვასა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში; პროპაგანდა, რომ ევროპა თავად ვაჭრობს რუსეთთან და ამას საქართველოს უკრძალავს; მითები, რომ ევროკავშირში ებრძვიან ოჯახურ ღირებულებებს; ბრალდებები, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ფარულად და არაგამჭვირვალედ მოქმედებენ ხელისუფლების წინააღმდეგ და სხვა მრავალი.

რეჟიმის ბუნება სულ ასეთი იყო, თუმცა, თითოეული ნაბიჯი, რომელიც დასავლეთისკენ იდგმებოდა, მმართველი ძალისთვის ძალაუფლების შენარჩუნების გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, რადგან მათი ამომრჩევლების უმეტესობასაც სწორედ პროდასავლური მისწრაფებების მქონე მოქალაქეები წარმოადგენენ. 

თუ 2023 წლის ბოლოს საქართველო ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართული საზოგადოების დაახლოებით, 85%-ის პირდაპირი ნების აღსრულება იქნება, თუმცა ნამდვილად არ იქნება რეკომენდაციების შესრულების შედეგი. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმაც, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია აქვს შესრულებული. გასაგებია, რომ სტატუსის გადაწყვეტილების დროს ეს სურათი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

სავარაუდოა, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქმე ბოლო დროს ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკის სფეროში დაწყებულ პოლიტიკურ იმპულსთან გვექნება, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ასევე აუცილებლად გახდება კიდევ ერთი "წამოსაძახებელი" არგუმენტი ქართული ოცნების ხელში, განსაკუთრებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ სცენარში ხელისუფლებას შეეძლება შედეგი საარჩევნო ლოზუნგადაც კი გამოიყენოს, რუსული ტიპის რეჟიმისთვის მთავარი სხვა რამ იქნება – ძალის დემონსტრირება, რომ იმ პირობებში, როცა მათ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად ნახევარიც კი არ შეასრულეს, მუდმივად იდგნენ ანტიევროპული განცხადებების ავანგარდშიც, მაგრამ ყველაფერი გაუვიდათ და სტატუსი მაინც მიიღეს. შესაბამისად, ისინი "ყველაფერში მართლები არიან", პოლიტიკა სწორად წარმართეს, "არავის დაემონნენ" და "ყველაფერი არის და იქნება ძალიან კარგად".

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ სუბიექტური, ძალიან მიკერძოებული ინტერესი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამაში ბოლომდე ძალიან სუბიექტურები და მიკერძოებულები ვართ. სუბიექტურად გვინდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მარტივად რომ ვთქვათ, სტატუსის მიღება ქართულ ოცნებას ძალიან გაამაგრებს – ეს ჩვენს რეიტინგზეც აისახება და ა.შ. სუბიექტურად დაინტერესებული ვართ". – ამბობს ირაკლი კობახიძე და ამჯერად არ ცრუობს.

რეალური საბოტაჟი, თუ დაცემის ადგილის შერბილება

ეს ნარატივი კიდევ ერთხელ გადახედვას საჭიროებს, რადგან საჯარო სივრცეში დომინირებს. აზრი, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის განზრახ საბოტაჟს ცდილობს, რეალობისგან შორსაა და ოპოზიციური აქტორების დიდი ნაწილისა და ნაციონალური მედიის პოლიტიკური კონტრნარატივია. ხელისუფლება იმავედ რჩება, რაც მუდამ იყო – სურს შეინარჩუნოს მმართველობის სარგებელი და არაფერ ზედმეტს აკეთებს, რომ "არ გააღიზიანონ არგასაღიზიაენებლი". ხოლო თუ ამ გარემოებში ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს, ეს პოლიტიკური კუთხით მხოლოდ მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.

ნეგატიურ სცენარში დაცემის ადგილი უკვე შერბილებული იქნება – ქართულ ოცნებას შეეძლება თქვას, რომ მათ წინასწარ იცოდნენ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურობის შესახებ, რომ ახლა ევროკავშირს მხოლოდ ომში პირდაპირ ჩართული ქვეყნების ინტეგრაცია სჭირდება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ასე შემდეგ. არ უნდა დავივიწყოთ წინასწარ გაჭრილი სატელიტიური არხებიც, რომლითაც რეჟიმი შეძლებს პირდაპირ თქვას – საერთოდ რაში გვჭირდება ევროკავშირი, ისინი ხომ ჩვენს "ტრადიციულ ფასეულობებს ეწინააღმდეგებიან".

საფუძვლიანად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის საბოტაჟი მათი მმართველობის გაგრძელების პერსპექტივისთვის ქართული ოცნების ინტერესებში არ შედის. მეტად კორექტული იქნება თუ ვიტყვით, რომ რაც ერთი შეხედვით საბოტაჟს ჰგავს, სინამდვილეში პესიმისტური სცენარისთვის საზოგადოების აღშფოთების წინასწარი პრევენციის მცდელობაა.

მეორე მხრივ, შეგვიძლია ნამდვილად ვისაუბროთ უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულზე. რა ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებისთვის აქამდე სწორი ნაბიჯების მაიძულებელი თავდაცვის მექანიზმი იმ ზღვარს მიუახლოვდება, სადაც თავდაცვა საკუთარ თავზე თავდასხმა ხდება? რა მოელის ქართული ოცნების ხელისუფლებას, თუ ნამდვილად შეასრულებს ევროკავშირის მიერ გაცემულ სასამართლო რეფორმის რეკომენდაციას? როგორ დასრულდებოდა ათწლეულის განმავლობაში ფესვგადგმული არაფორმალური მმართველობა დეოლიგარქიზაციის შესახებ რეალურად ქმედითი ზომების მიღების შემდეგ? როგორი იქნება მათი მმართველობა პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და სასამართლო კლანის გარეშე? როგორი გახდება მათი ყოველდღიურობა, თუ ქვეყანაში ელიტურ კორუფციას შესაბამისად გამოიძიებენ და დასჯიან? რამდენად გართულდება მათი არსებობა, თუ კრიტიკულ მედიაზე წნეხი შემცირდება? სიამაყით როგორღა გამოვა ჩვენი პრემიერი ევროპის ყველაზე რადიკალიზებულ კონსერვატორთა კონფერენციაზე, თუ წელიწადში ერთხელ მაინც რეალურად დაიცავს ქვეყანაში უმცირესობათა უფლებებს?

კითხვა ბევრია, პასუხი კი ერთი – ამ რეკომენდაციების სრულად შესრულებით რუსული რეჟიმი დაკარგავს მათთვის საყვარელი ტიპის მმართველობის ყველა ბერკეტს, თუმცა დროში გაწელილი უმოქმედობით, რამდენჯერმე ღიმილიანი ხელის ჩამორთმევით, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის არასახარბიელო მდგომარეობით და, რაც მთავარია, ევროპის კონტინენტზე ახლა შექმნილი სახარბიელო სიტუაციით რეჟიმს მმართველობის გაგრძელება კვლავ შეუძლია.

და მაინც, შეიძლება თუ არა, რომ ქართული ოცნების მიერ დასავლური ინტეგრაციის პირდაპირ საბოტაჟად ჩაითვალოს ის, რომ 2022 წელს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეზე დააკავეს ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი ნიკა გვარამია? ან სწორედ ევროკავშირთან და აშშ-სთან დისტანცირებისთვის წარადგინდეს უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ ე.წ. რუსული კანონი? ან თუნდაც ის, რომ პრეზიდენტს "ფორმალური" იმპიჩმენტით ემუქრებიან დასავლელი ლიდერებისთვის მათი თანხმობის გარეშე ხელის ჩამორთმევისთვის?

ერთი შეხედვით, ეს და სხვა მრავალი მაგალითი შეიძლება მარტივად მოექცეს საბოტაჟის მცდელობების ოდნავ ბუნდოვან სიაში, თუმცა ამ შემთხვევაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ერთი საერთო აქვს – ქვეყნის შიგნით არსებულ სიძულვილზე კაპიტალიზება და მისი პოლიტიკური კაპიტალად გამოყენება. გვარამიას შემთხვევაში ეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ ძალის დემონსტრირება იყო, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ქვეყანაში ვერ გაიხარებს (მმართველობის 11 წლის თავზეც კი ყოფილი ხელისუფლების სიძულვილზე კაპიტალიზება ხომ ქართული ოცნების განუყოფელი ნიშაა). 

აგენტების შესახებ კანონპროექტით ხელისუფლებამ ერთდროულად გამაფრთხილებელი სიგნალი გაუგზავნა მისგან დამოუკიდებელ კრიტიკულ არასამთავრობო სექტორს და მეორე მხრივ, მაამებელი ნაბიჯი გადადგა თანამზრახველი "კონსერვატორებისთვის", რომლებიც თვლიან, რომ NGO-ები ქართველ ახალგაზრდობას რყვნიან. სიგნალი გაგზავნა ევროპაშიც, რომ ყველაფერი შეიძლება უარესადაც იყოს.

პრეზიდენტის შემთხვევაში ყველაფერი პირადულიცაა – რთულია შეეგუო ბრალდებებს მისგან, ვინც მორჩილებისთვის თავადვე შექმენი. ზურაბიშვილი ხელისუფლებას იმ წერტილში ურტყამს, რომელზეც ხელოვნური სიმშვიდის შენარჩუნებას ყველაზე აქტიურად ცდილობენ. თუმცა, ეს არ ცვლის რეალობას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე როლი ვერც ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს ექნება და ვერც მის ფორმალურ იმპიჩმენტს.

გასაღების გარეშე ღია კარში შესწრება

ევროკავშირთან დაახლოების გააქტიურებულ გზაზე საქმე მეტწილად სხვა პროცესებთან გვაქვს და გვექნება, სადაც ქართული ოცნებას ერთ-ერთი მთავარი როლი, იქნება ეს ნეგატიური თუ პოზიტიური, ჯერჯერობით რამდენიმე მიზეზის გამო არ აქვს.

კანდიდატის სტატუსს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში გასულ წელს ბლოკმა ერთგვარად ფასი შეუმცირა, რაც სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად ნათლად გამოჩნდა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის სტატუსის მინიჭებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 2019 წელს მიღებული 14 პირობა სრულად ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. მეორე მხრივ, უფრო ფართო სურათში თუ შევხედავთ, დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი აქვს ყველა ქვეყანას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა და ტექნიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გამონაკლისი საქართველოს გარდა მხოლოდ კოსოვოა, ხოლო თუ ამ ორი ქვეყნის განსხვავებულ საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტს გავითვალისწინებთ, მოსალოდნელია, რომ "გაუფასურებული" კანდიდატობის მქონეთა რიგს საქართველოც შეუერთდება.

არ უნდა დავივიწყოთ ბლოკში ამჟამად არსებული გაფართოების იმპულსიც, რომელიც, შესაძლოა, არც ისე დიდხანს გაგრძელდეს, რადგან 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი და არსებობს შანსი, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაოსში გარკვეული ხნით გაფართოების იდეები ჩაიკარგოს. ამიტომაც ევროპელი ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოზე, და არა მარტო, გადაწყვეტილების მიღებისთვის საუკეთესო დროა. აქვე ჩნდება უკრაინისა და მოლდოვის განზომილებაც, რადგან თუ ასოცირებული ტრიოს ეს ორი წევრი ამ იმპულსის პირობებში კვლავ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს, მათ საქართველოც უნდა მიჰყვეს.

აქვე ცალკე გამოსაყოფია უნგრეთის ფაქტორიც. განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის კავშირები გააქტიურდა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისთვის კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის, თუმცა, მეორე მხრივ,  არსებობს მოსაზრება, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირში მისი მსგავსი იდეოლოგიის მქონე ახალი მოკავშირისთვის სტატუსის მინიჭებას აქტიურად დაუჭერს მხარს, თანაც გარკვეული ვაჭრობის გზით.

რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია კარგად იაზრებს მის მიერ დადგენილი სტანდარტების ქმედითობას, ან პირიქით. ამიტომაც, თუ საქართველო ქართული ოცნების პირობებში კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ეს ძირითადად მხოლოდ ახალი გვერდის გადაშლა იქნება გასაკეთებელი საქმეების სიაში, თანაც არაერთი ახალი გვერდის – წლობით გაწელილი გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომელიც მყისიერადაც კი არ დაიწყება.

აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ევროკავშირში ქართული საზოგადოების უმრავლესობის ბლოკში გაწევრიანების სურვილს აფასებენ და ხშირ შემთხვევაში, მათ შორის, ფიზიკურად გამოხატულ ამ უკანასკნელს პროცესში თავისი როლი აქვს. თუმცა ოპოზიციის ნარატივი, რომ ბლოკი კანდიდატის სტატუსს ქართველ ხალხს მისცემს და არა ხელისუფლებას, მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმია. პირველ რიგში, შეუძლებელია დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებაში ღიად დაყო ქვეყნის მოსახლეობა და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება – ეს ერთგვარად დასავლური პოლიტიკური კულტურის შეურაცხყოფა და დემოკრატიული ტრადიციის აყირავებაა. სხვას რომ ყველაფერს თავი დაანებო, სწორედ ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა ევროკავშირის მიერ მომავალში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმართვა. შედეგად, ხალხისა და ხელისუფლების დაყოფის დაშვება ევროკავშირისთვის თამაშის წესების ცვლილებაც გამოვა, რაც არ მოხდება. 

თუ დავუშვებთ, რომ ევროკავშირი გააკეთებს იმგვარ დათქმას, რომ სტატუსის მიღებას ქართველი ხალხის ნებასა და ძალისხმევას მიაწერს, ხელისუფლების სარგებელს მნიშვნელოვნად ვერ შეარყევს.

თუ არა?

რა თქმა უნდა, არსებობს მეორე სცენარის განვითარების შესაძლებლობაც, რომელშიც 2023 წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. სავარაუდოა, რომ ასეთ შემთხვევაში ევროპული ინსტიტუტები ძირითად დაეყრდნობიან პირობების შეუსრულებლობის არგუმენტს და არ გაჰყვებიან ხელისუფლების კრიტიკის პირდაპირ გზას – ეს უბრალოდ არ არის ის, რასაც ევროკავშირის აღმასრულებელი ლიდერები აკეთებენ. 

ასეთ სიტუაციაში საქართველოს მომავლის საფუძვლიან გადახედვას, სავარაუდოდ, 2025 წლამდე აღარ უნდა ველოდოთ, თუმცა, ლოგიკურია, რომ ქართული ოცნება ამგვარ პასუხსაც მომზადებული ხვდება: იქნება ეს სატელიტი ანტიდასავლური პარტიით თუ ნარატივით, რომ საქართველო კვლავ დაიჩაგრა რუსეთთან მეორე ფრონტის არგახსნის გამო. ამ მცდელობების მიუხედავად, ქართული ოცნება დაკარგავს ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს მომავალი საპარლამენტო არჩევნების კამპანიისთვის, რაც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს, სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ეს უკანასკნელი ლიმონიდან ლიმონათის გაკეთებას.

საბოლოოდ დღეს ვართ აქ: გვყავს რუსული რეჟიმი, ვითხოვთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს. ველოდებით დადებით პასუხს, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა შემდეგ წლებში პოლიტიკურად საშიში კოზირი გახდება ხელისუფლებისთვის. საბოტაჟს ვეძებთ იქ, სადაც საქმე თვითგადარჩენის ინსტინქტთან გვაქვს, ხოლო ახალი ალტერნატივა გვინდა მათგან, ვინც ჯერ ძველ შეცდომებშიც ვერ გარკვეულა.

კომენტარები