ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ომის შემდეგ ღაზაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ისრაელს ექნება

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ნოემბერს ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰამასთან ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში "ზოგად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა" ისრაელს "განუსაზღვრელი ვადით" ექნება.

"ვფიქრობ, ისრაელს განუსაზღვრელი ვადით ექნება პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ რა ხდება, როცა ისრაელს ეს პასუხისმგებლობა არ აქვს", - თქვა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.

ისრაელის პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რას ნიშნავს ღაზაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ისრაელის ოფიციალურ პირებს ნათქვამი აქვთ, რომ მათი მიზანი არ არის ომის შემდეგ ღაზის ოკუპაცია.

ინტერვიუში ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორში "ჰუმანიტარული პაუზის" დაწესების მოთხოვნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სანამ ჰამასი აყვანილ მძევლებს არ გამოუშვებს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ან დროებითი ჰუმანიტარული პაუზა არ იქნება.

"ცეცხლის შეწყვეტა შეაფერხებს მძევლების გამოშვების მცდელობებს, რადგან ერთადერთი, რაც ჰამასზე მოქმედებს, ის სამხედრო წნეხია, რომელსაც ისრაელი ჰამასს უქმნის", - თქვა მან.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები