რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სევასტოპოლში საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა, გავანადგურეთ 9 დრონი – რუსეთი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიხაილო რაზვოჟაევის თქმით, 7 ნოემბრის ღამით ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. როგორც მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, 9 დრონი გაანადგურეს, ხოლო 8-ს გზა გადაუჭრეს შავი ზღვისა და ყირიმის ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცეში.

ამასთან, რაზვოჟაევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ 7 ნოემბრის ღამით უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ყირიმში, ორლივკაში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში ჩამოვარდა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

აქამდე, 4 ნოემბერს ანექსირებულ ყირიმში ისმოდა აფეთქებების ხმა, პარალელურად კი საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა თქვა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს ქერჩის "ზალივის" გემთმშენებლობის ინფრასტრუქტურაზე. 

ამის შემდეგ, 4 ნოემბრის საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემი, რომელიც თავდასხმის ადგილას იდგა, დაზიანდა.

5 ნოემბრის დილას ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ხომალდი, ფრთოსანი რაკეტა კალიბრის მატარებელი გემი ჩაძირეს. 

კომენტარები