ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუმ საქმიანობა შეუჩერა მინისტრს, რომელმაც ღაზაში ატომური ბომბის ჩამოგდება განიხილა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განუსაზღვრელი დროით შეუჩერა საქმიანობა მემკვიდრეობის მინისტრ ამიხაი ელიაჰუს, რომელმაც დღეს ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდებაზე ისაუბრა

ელიაჰუმ ინტერვიუში თქვა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება "ერთ-ერთი ვარიანტია". მისი თქმით, "მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში არ არსებობს".

"მათ შეუძლიათ ირლანდიაში ან უდაბნოებში წავიდნენ, ურჩხულებმა ღაზაში გამოსავალი თვითონ უნდა იპოვონ". – თქვა ელიაჰუმ.

გაკეთებული განცხადებების გამო ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს საქმიანობა განუსაზღვრელი დროით შეუჩერა და მისი ნათქვამი მწვავედ დაგმო

"ამიხაი ელიაჰუს სიტყვები რეალობას მოწყვეტილი არის. ისრაელი და IDF უდანაშაულო ადამიანებისადმი ზიანის ასარიდებლად საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტს იცავს და ასე გავაგრძელებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ". – თქვა ნეთანიაჰუმ. 

ელიაჰუს განცხადება დაგმო ასევე ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა და მინისტრის გადაყენება მოითხოვა. მისი შეფასებით, ეს იყო "უპასუხისმგებლო მინისტრის შემზარავი და შეშლილი განცხადება". 

"ექსტრემისტების ყოფნა მთავრობაში საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ჩვენი საომარი მიზნების წარმატებას, რაც არის ჰამასის დამარცხება და მძევლების გათავისუფლება. ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან უნდა დღესვე გაათავისუფლოს". – თქვა ლაპიდმა.

თავად მინისტრის თქმით, მისი განცხადება "მეტაფორული" იყო


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები