ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გალანთი ჰეზბოლას ლიდერს აფრთხილებს, არ გაიმეოროს ჰამასის ლიდერის "შეცდომა"

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ჩრდილოეთ ისრაელში ყოფნისას ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა გააფრთხილა, რომ არ გაიმეოროს ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის "შეცდომა", რომელმაც "ჰამასისა და ღაზის ბედს დაღი დაასვა".

"თუ ნასრალა შეცდომას დაუშვებს, ის დაღს დაასვამს ლიბანის ბედს". - თქვა გალანთმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ჩრდილოეთში, ლიბიის საზღვართან ომით დაინტერესებული არ არის, თუმცა ყველა სცენარისთვის მზად არიან.

"ჩვენ ჩრდილოეთით თავს ვიცავთ და მთელი ძალით ვუტევთ ღაზის სექტორს, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი... ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ჩრდილოეთში ომში ჩაბმით, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერი ამოცანისთვის. საჰაერო ძალები ინარჩუნებენ საკუთარი ძალების უმეტესობას ლიბანის არენაზე, ჰეზბოლას წინააღმდეგ". - აღნიშნა გალანთმა.

გუშინ, 3 ნოემბერს ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ პირველი მიმართვა გაავრცელა და დაიმუქრა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება რეალური პერსპექტივაა. მანვე აღნიშნა, რომ ჰეზბოლა ბრძოლაში 8 ოქტომბრიდან არის ჩართული.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები