ისრაელი-თურქეთი

ერდოღანი ისრაელის პრემიერმინისტრზე: მასთან ვეღარ ვისაუბრებთ, ხაზი გადავუსვით

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში და თქვა, რომ თურქეთმა "ხაზი გადაუსვა" პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ნებისმიერ დიალოგს.

"ის აღარ არის ის, ვისთანაც ჩვენ შეგვიძლია საუბარი, მას ხაზი გადავუსვით". – თქვა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი აპირებს ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულის ფაქტების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას.

"მე ეს ვთქვი პალესტინის მხარდასაჭერ აქციაზე. ვაანონსებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, რომელიც ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარადგენს. ჩვენი შესაბამისი უწყებები, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ საქმეზე იმუშავებენ". – თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გამართული ისრაელის საწინააღმდეგო აქციის შემდეგ, იერუსალიმმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო. გამოხმობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხელახალი შეფასებაა.

თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობა სრულად მხოლოდ მცირე ხნის წინ აღდგა.

აქამდე, გასულ დღეებში ერდოღანმა ჰამასის ტერორისტებს უწოდა "საკუთარი ტერიტორიებისთვის მებრძოლები".

28 ოქტომბრის აქციაზე ერდოღანმა ისრაელს ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. გააჟღერა ანტიდასავლური ნარატივებიც.

კომენტარები