ისრაელი-თურქეთი

ერდოღანი: ისრაელთან უკეთესი ურთიერთობა გვსურს, პალესტინის საკითხი წითელი ხაზია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ისრაელთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება სურთ, თუმცა მათი პოლიტიკა პალესტინის საკითხის მიმართ მიუღებელია.

"პალესტინის თაობაზე პოლიტიკა ჩვენი წითელი ხაზია. ჩვენთვის შეუძლებელია პალესტინის საკითხზე ისრაელის პოლიტიკის მიღება. მათი დაუნდობელი ქმედებები მიუღებელია. ეს საკითხები რომ არ იყოს ისრაელის ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, ჩვენი ურთიერთობები განსხვავებული იქნებოდა. ჩვენ გაგვიხარდებოდა ურთიერთობების გაუმჯობესება". - თქვა მან.

ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელსა და 4 არაბულ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მიღწეული შეთანხმებაც. ისრაელის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან, სუდანთან და მაროკოსთან შეთანხმების გაფორმება აშშ-ს შუამავლობით მოხდა.

თურქეთმა და ისრაელმა ერთმანეთის ელჩები 2018 წელს გააძევეს ქვეყნებიდან, მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორის საზღვარზე მომხდარი დაპირისიპრების დროს ათობით პალესტინელი დაიღუპა. მიმდინარე წელს ისრაელმა თურქეთი პალესტინური დაჯგუფება ჰამასის წევრებისთვის პასპორტების მიცემაში დაადანაშაულა. თურქეთი ჰამასს კანონიერ პოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევს და ისრაელს კი ის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

კომენტარები