სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებლის ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში პარტიის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ვაშაძის შეფასებით, გადაწყვეტილება ქართული ოცნების "პოლიტიკური ანგარიშსწორებაა".

"პოლიტიკური ანგარიშსწორებები საქართველოში გრძელდება. მარცხისთვის განწირული ქართული ოცნება მართლაც იმდენად სუსტია, ჰგონია, რომ ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებებით რამეს მიაღწევს. გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი, ლაშა დიაროვი პარლამენტიდან გაათავისუფლეს და ასევე, ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია გაათავისუფლეს პარლამენტიდან.

სტრატეგია აღმაშენებლის ორი თანამშრომელი პარლამენტიდან გაათავისუფლა საქართველოს პარლამენტმა. ამ ტიპის პრეცედენტი საერთოდ მსოფლიოში არ არის და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. დიახ, გიორგი ხაბურზანიამ, სხვათა შორის, ერთი სასამართლო პროცესი მოიგო უკვე, მერიიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით და სწორედ პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა სასამართლომ. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა ერთი წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ახლა ედავებიან საგარეჯოში, რომ 70-იან წლებში აშენებული ღობე ყოფილა უკანონოდ აშენებული. ამ დონეზე დაეცა ქართული ოცნება და ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება". - ამბობს ვაშაძე.

ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში საკუთარი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ დიაროვს დისციპლინარული დარღვევების გამო ათავისუფლებენ.

"რუსულმა ოცნებამ, რუსი აგენტი ფარცხალაძის დაცვისას, მათ მიერვე პარლამენტში ატეხილი შეხლა-შემოხლის გამო, სამსახურიდან გამიშვა". - წერია დიაროვის მიერვე გამოქვეყნებულ Facebook პოსტში.

კომენტარები