ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, დღეს, 3 ნოემბერს პირველი მიმართვა გაავრცელა და დაიმუქრა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება რეალური პერსპექტივაა.
ნასრალა ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლას სამხედრო მოქმედებებს მიესალმა და დაიტრაბახა, რომ ამით ისრაელის თავდაცვის ძალებს ჰამასის წინააღმდეგ ომში დაბრკოლება შეექმნათ. მან დასძინა, რომ "ეს დასასრული არაა".
"ზოგი ამტკიცებს, რომ ჰეზბოლა აპირებს შეუერთდეს ბრძოლას. მე გეუბნებით, ჩვენ ამ ბრძოლაში 8 ოქტომბრიდან ვართ ჩართულები. ზოგს სურს ჰეზბოლა ჩაერთოს ყოვლისმომცველ ომში, მაგრამ შემიძლია გითხრათ: რაც ახლა ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ხდება მნიშვნელოვანია და ეს დასასრული არაა.
რაც ჩვენ 8 ოქტომბრიდან გავაკეთეთ უპრეცედენტოა ჩვენი საბრძოლო სტრატეგიის კუთხით. ყოველდღიურად ჩვენ მიზანში ვიღებთ, ისრაელის ჯარისკაცებს, ტანკებს, დრონებსა და სენსორებს, ისრაელის თვალებსა და ყურებს. ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიყავით ჩართულები. ჩვენი მოწამეების რაოდენობა - 57 - ამას მოწმობს". - თქვა ნასრალამ.
ამასთან, ნასრალამ ღაზის ომში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში აშშ დაადანაშაულა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
ჰეზბოლას მეთაურმა "წინააღმდეგობის ღერძის" ჯგუფებს იემენსა და ერაყში, მათ შორის, იემენელ ჰუსიტებს, კონფლიქტში ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.
22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.





